ვენედიქტოვა და ბაკანოვი არ გაუთავისუფლებიათ, დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება - სმირნოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ანდრეი სმირნოვის განმარტებით, გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ივან ბაკანოვი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ და დროებით შეუჩერეს უფლებამოსილება.

"ამ ორი თანამდებობის პირის გათავისუფლებაზე საუბარი ჯერ არ არის. საუბარია იმაზე, რომ გენერალური პროკურორი  მოხსნილია ვალდებულებიდან, ხოლო უშიშროების უფროსი დროებით მოხსნილია მოვალეობის შესრულებიდან" - განაცხადა მან.

სმირნოვის თქმით, ჩატარდება მოკვლევა, რომლის შედეგების საფუძველზე პრეზიდენტი გადაწყვეტს, პარლამენტს წარუდგინოს წინადადება გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ. 

სმირნოვის თქმით, ვენედიქტოვასა და ბაკანოვს უფლებამოსილება შეუჩერეს, რათა გამოძიებაზე მათი მხრიდან ზეგავლენა გამორიცხულიყო. მიზეზი კი მათ უწყებებში, ქვეყნის მოღალატეების სიმრავლე გახდა:

„საკმარისად დიდხანს ველოდეთ ამ ორი უწყების ხელმძღვანელის მხრიდან კონკრეტულ და შესაძლოა, რადიკალურ გადაწყვეტილებებს, რათა  ორგანოები გაეწმინდათ კოლაბორანტებისა და  სახელმწიფოს მოღალატეებისგან. თუმცა, ომის მეექვსე თვესაც ვხედავთ ასეთ ადამიანებს. " თქვა მან.

ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ უკრაინის გენპროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა, გუშინ, 17 ივლისს გავრცელდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი