"ჩვენი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვაპირებთ, ბუნებრივია, ამ სპექტაკლში მონაწილეობას, რაც შემოგვთავაზა ოპოზიციამ" - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომას ეხმაურება, რომელსაც უკვე ცნობილია, რომ "ოცნება" არ დაესწრება.
ქართული ოცნების მხრიდან, რიგგარეშე საპარლამენტო სესიაში მონაწილეობაზე უარის გამო, სესია ვერ შედგება, რადგან ქვორუმი არ გროვდება.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. სხდომა წესით ხვალ, 19 ივლისს უნდა ჩატარდეს.
რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით, ზურაბიშვილს საპარლამენტო ოპოზიციამ ერთობლივი განცხადებით მიმართა. ოპოზიციის თქმით, რიგგარეშე სხდომაზე ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.