ექვსი წლის ბიჭი ლიფტის შახტში გაურკვეველ ვითარებაში ჩავარდა. მოზარდი ეზოში სათამაშოდ იყო, სახლში დაბრუნებისას კი მეექვსე სართულზე ასასვლელად ლიფტი გამოიძახა. ლიფტი მივიდა თუ არა, ამაზე დადასტურებული პასუხი არ არსებობს. ერთი ვერსიით, კაბინა პირველ სართულზე არ ჩამოვიდა, კარი გაიღო და ბავშვი დაახლოებით ორი მეტრის სიღრმის შახტაში ჩავარდა. მას შემდეგ კი რაც ბავშვი სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა ძებნა დაიწყეს და მოზარდი შახტში იპოვეს.
სხვა ვერსიით კი ბავშვმა ერთ-ერთ სართულზე კარის გაღება სცადა, მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა და ჩამოვარდა. თუმცა ამ ვერისას, გამორიცხავს ის ფაქტი, რომ ლიფტი უბედური შემთხვევის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდა. გვიან ღამით, მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა, ლიფტის მუშაობა შეჩერდა.
საგამოძიებო მოქმედებები დღეს განახლდა. 10-ზე მეტი ექსპერტ-კრიმინალისტი შემთხვევის ადგილას სამ საათზე მეტხანს მუშაობდა. ირკვევა, რომ შახტიდან სხვა ნივთმტკიცებებთან ერთად, მოზარდის ფეხსაცმელიც ამოიტანეს. ლიფტის მექანიკოსი ადგილზე გამოიკითხა, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი პირი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ლიფტის მექანიკოს მეგობრის სტატუსით ესწრებოდა, ამბობს, რომ ბოლოს ლიფტი ერთი კვირის წინ შემოწმდა და გამართული იყო. ჰქონდა თუ არა ლიცენზია სერვისის მიმწოდებელ პირს, ამბობენ, რომ ამისთვის მხოლოდ მიკრომეწერმის სტატუსია საჭირო და სხვა ლიცეზია არ სჭირდება.
ძველ კორპუსებში რომ ლიფტები გაუმართავია, ამაზე საუბრობს 21-ე კორპუსის მკვიდრი. ნანა ჭოლაძემ ლიფტის ჩამოვარდნა საკუთარ თავზე გამოსცადა. რამდენიმე თვის წინ, ლიფტით ეზოში ჩამოდიოდა, რა დროსაც ლიფტი პირველი სართულიდან ჩაწყდა და თითქმის ერთი მეტრის სიღრმის შახტიდან ამოსვლა თვითონ მოუწია. ამბობს, რომ პრობლემა უფრო მასშტაბურია, ვიდრე ამას საზოგადოება აღიქვამს, ამიტომ მერიას ზეწდამხედველობისკენ მოუწოდებს.
არც გამგეობა და არც მერია მომხდარზე პასუხისმგებელი არ არის, ამბობს გლდანის გამგებელი. ბექა მიქაუტაძის თქმით, ლიფტების გამართულ მუშაობაზე კორპუსის ამხანაგობაა პასუხისმგებელი, რომელიც ლიფტის ტექნიკოსს ქირაობს და ხელფასს უხდის.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს უკვე მესამე შემთხვევააა. საბურთალოზე ლიფტის ჩავარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. მრავლობითი მოტეხილობები მიიღო 59 წლის ქალმა ქუთაისში. კანონის თანახმად,
ლიფტი სამ წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს, თუმცა როგორც საკითხის მცოდნეები ამბობენ, მერიის მაკონტროლებელი ორგანო, ფაქტობრივად, არ მუშაობს.
ექვსი წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის მკურნალობას ერთ-ერთ კერძო კლინიკაში განაგრძობს.