
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველი, დიმიტრი საძაგლიშვილი გადაცემა "დღის სტუმარში" ამბობს, რომ მოსამართლემ პროცესი დაიწყო იმ სიტყვებით, რომ მან პირველი სხდომა ჩანიშნა კანონით გათვალისწინებულ ვადაში და ფიქრობდა, რომ მთლიანი პროცესი კანონით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდებოდა, რაც არ გამართლდა.
"პირველი სხდომის თარიღი გათვალისწინებულია საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მე-6 ნაწილი უკვე ამბობს, რომ განაჩენი გამოტანილ უნდა იქნეს 2 თვის ვადაში საჩივრის დასაშვებობიდან. ეს 2 თვის ვადა იწურება 14 სექტემბერს. მაშინ, როდესაც სასამართლომ არსებითი განხილვის პირველი სხდომა ჩანიშნა 4 ოქტომბერს ანუ აღიარა, რომ უკვე კანონით გათვალისწინებული ვადა ირღვევა.
რეალურად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამ 3 მოსამართლეს. როგორც წესი, დავალების მიმცემები არ ჩნდებიან ხოლმე, ხშირად არც ახსოვს მათ შორის ისტორიას მათი სახელი და გვარი, მაგრამ შემსრულებლების, რომლებიც ხელს აწერენ უკანონო გადაწყვეტილებებს, მათი სახელი ნამდვილად იქნება "უკვდავყოფილი",- თქვა საძაგლიშვილმა.
უფლებადამცველი ხაზგასმით ამბობს, რომ საქმეზე, რომელსაც გავლენა აქვს მათ შორის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, კანონის დარღვევა იმ საბაბით, რომ 3 მოსამართლეს შვებულების შეთანხმება არ შეუძლია, დამაჯერებელი არ არის.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლეთა კოლეგიამ განმარტა, რომ შვებულებების პერიოდია, რის გამოც გრაფიკი გადანაწილებული აქვთ.
ამავე თემაზე: