
უკრაინა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გასანადგურებლად და ყირიმის დასაბრუნებლად ემზადება - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვოლოდიმირ გავრილოვმა ბრიტანულ გამოცემა The Times-თან ინტერვიუში ისაუბრა - "უკრაინა გაანადგურებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს და დაიბრუნებს ყირიმზე კონტროლს დასავლური იარაღით" - ამბობს ის.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც დაფუძნებულია ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში, არის "მუდმივი საფრთხე" უკრაინისთვის და კიევმა უნდა მოაგვაროს ეს საკითხი.
გავრილოვი ამბობს, რომ უკრაინელი სამხედროები თავიანთ გემსაწინააღმდეგო სარაკეტო შესაძლებლობებს ავითარებენ და დასავლეთისგან უფრო შორი დისტანციის იარაღს ელიან.
"ოკუპანტებმა თავიანთ ქმედებებზე პასუხი უნდა აგონ. რუსეთს მოუწევს, რომ ყირიმის ტერიტორია დატოვოს, თუ მას, როგორც სახელმწიფოს, არსებობა სურს". - თქვა გავრილოვმა.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა რაც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი უკრაინას ოკუპირებულ ყირიმზე იერიშის შემთხვევაში "განკითხვის დღით" დაიმუქრა.