
რუსული ავტომწარმოებელი АвтоВАЗ ამბობს, რომ საწყობებში დაგროვილი კომპონენტებისგან Lada Largus-ის მანქანების შეზღუდულ პარტიას ააწყობს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით წერს.
კომპანია გეგმავს მინიმუმ 1800 ცალი მანქანა ააწყოს.
"პირველი კომერციული მანქანების გამოშვება ამ კვირის ბოლოს არის მოსალოდნელი", - ნათქვამია პრესრელიზში.
კომპანია ამბობს, რომ Lada Largus-ის რეგულარული წარმოების განახლების ვადებს მოგვიანებით გამოაცხადებს.
AvtoVAZ-მა წარმოება თავის ქარხნებში 3 მარტს შეაჩერა და თქვა, რომ მიზეზი ელექტრონული კომპონენტების მიწოდების გლობალური კრიზისი იყო. 8 ივნისს ქარხანამ განაახლა მანქანების წარმოება.