დამალული შემოსავლები და უკანონო სამეწარმეო საქმიანობა - "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" "ქართული ოცნების" დეპუტატს კანონის დარღვევაში ამხელს. კვლევის მასალებით მტკიცდება, რომ მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და მისი შვილი ფლობენ კომპანიებს, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში წარმატებით იმარჯვებენ. სულ რაღაც ორ წელიწადში ჯაფარიძეების კომპანიებმა ექვს მილიონ ლარზე მეტის კონტრაქტები მოიპოვა. პოლიტიკოსიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ შემოსავლიდან მმართველ პარტიას მნიშვნელოვან თანხასაც სწირავენ.
კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძისა და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის კომპანიებმა 2018 წლიდან დღემდე, მოგებული ტენდერებიდან 6,264,688 ლარი მიიღეს. ამავე კვლევით დგინდება, რომ ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები (მეუღლე, ნათია ხვისტანი და შვილი, ოთარ ჯაფარიძე) "ქართული ოცნების" სოლიდური შემომწირველები არიან 2012 წლიდან დღემდე. ჯამში, მათ "ქართული ოცნების" ანგარიშზე 360 000 ლარი აქვთ გადარიცხული. სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას კი 50 ათასი ლარი შესწირეს. თუმცა, ეს ინფორმაცია ვიქტორ ჯაფარიძის ქონებრივ დეკლარაციაში არ ჩანს. "მთავარი არხის" კითხვას, თუ რატომ არ მიუთითა ქონებრივი დეკლარაციის შევსების დროს მმართველ გუნდთან გადარიცხული თანხები. ვიქტორ ჯაფარიძემ ამ კითხავზე "მთავარს" უპასუხა, რომ უბრალოდ გამორჩა.
საერთაშორისო გამჭვირვალობაში ამბობენ, რომ ჯაფარიძის ოჯახის მფლობელობაში არის რამდენიმე კომპანია: შპს "TOB კონსტრაქშენი", შპს "სეტი+", შპს "ექსპერტ ჰაუსის".
ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, მას ყველა კარგად იცნობს და არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებენ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ჯაფარიძე არ უარყოფს "ქართული ოცნების" შემომწირველთა სიაში ყოფნას და ამბობს რომ, მეტის საშუალება, რომ ჰონდეს უფრო მეტს შესწირავდა.
შეკვეთილი, წინასაარჩევნო კამპანია არის, მაგრამ ყველა კარგად მიცნობს და ძალიან კარგად იცის სულ ყველამ, სულ ყველაფერი. რაზე გაუკეთებია კომენტარი მაინტერესებს, "ქართული ოცნებისა" და მისი წევრების კრიტიკის გარდა. ეს ამიტომ არ არის დამოუკიდებელი ორგანზიაცია. ეს ვიღაცები აფინანსებენ. როგორც ჩანს, გამორჩენილი მაქვს. მე, "ქართულ ოცნებაში" შეწირული თანხები ჩემს ოჯახს. კიდევ, ნეტა მეტის საშუალება მქონდეს, რომ უფრო მეტი შევწირო ისეთ ორგანიზაციას, პოლიტიკურს, როგორიც არის "ქართული ოცნება". "ქართული ოცნება", რომელმაც გაათავისუფლა ეს ქვეყანა გიგაურისნაირებისგან, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისების მენეჯერის, ზვიად ქორიძის თქმით, ჯაფარიძეების საკუთრებაში არსებულმა ორმა კომპანიამ, ჯამში, ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების შემოსავალი მიიღო და კომპანიებმა ორივე ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.
ორი კომპანია, რომელის წილობრივი მფლობელობა აქვს მის შვილს, ერთში 24%-ით, მეორეში - 50%-ით. ამ ორმა კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. "TOB კონსტრაქშენი", ამ კომპანიამ ორივე ტენდერი, ჯამური ოდენობით 3 მილიონ ნაზევარზე მეტია, მოიგო უკონკურენტოდ - ამბობს ზვიად ქორიძე.
მმართველ გუნდში კი ამ ფაქტთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავენ. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ შესაძლოა, წილს მართლაც ფლობდეს ვიქტორ ჯაფარიძე ამ კომპანიებში. თუმცა, ის მათ მმართველობაში მონაწილეობას არ იღებს და შესაბამისად, ეს კანონდარღვევა არ არის და უმრავლესობის წევრები "საერთაშორისო გამჭვირვალობას" სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ორგანიზაცია წინასაარჩევნოდ მათი ოპონენტების დაკვეთით მუშაობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს ჯაფარიძესთან და მის შვილთან დაკავშირებული კომპანიების ტენდერები და დაადგინონ, ხომ არ შეიცავს ეს კორუფციის ნიშნებს. ასევე "გამჭვირვალობა" შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ ჯაფარიძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციებით და დაადგინოს, რა გადაცდომებია მასში.