ევროპელი კანონმდებლები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობითაც დაინტერესდნენ და ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, აუდიენცია მესამე პრეზიდენტის ოჯახთან, უფლებადამცველებთან და მედიკოსებთან გამართეს. ევროპელ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გამო შეშფოთებულია.
"ჩვენ ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რაც ეხება პრეზიდენტს. ძირითადად აქცენტი იყო მისი ჯანმრთელობისა და მკურნალობის შესახებ. შეშფოთებული ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით", - თქვა სვენ მიქსერმა.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, შეხვედრისას საუბარი შეეხო სასჯელის გადავადების საკითხს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მესამე პრეზიდენტს ადეკვატური მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეს.
"საუბარი შეეხო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასჯელის გადავადების პროცედურებს, რა პროცედურები უნდა გაიმართოს იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივია, იქნება ექსპერტიზის დასკვნაში, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი, როგორ უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ განაცხადეს, რომ ისინი ყურადღებით დააკვირდებიან ამ მოვლენებს და იმ ბერკეტებს, მექანიზმებს, რასაც დიპლომატია ითვალისწინებს, მათი მხრიდან იქნება გამოყენებული. შეეცდებიან, რომ გამოაგზავნონ შესაბამისი დამკვირვებლები", - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
ევროპარლამენტარებს მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზსა და მკურნალობის პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე მიაწოდა ინფორმაცია ცენტრ "ემპათიას" ექსპერტმა, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.
"მოვუყევი, რომ პაციენტის განკურნება იმ პირობებში, რომელშიც იმყოფება შეუძლებელია. ამიტომ, იგი საჭიროებს სასჯელის გადავადებას იმ ვადით, რომელიც სავალდებულო იქნება მისი სრული გაჯანმრთელებისათვის. მოკლედ მოვუყევი იმ დაავადებების შესახებ, რომელიც გააჩნია და მათი წარმოშობის მიზეზებზე, მკურნალობაში დაშვებულ გარკვეულ შეცდომებზე", - თქვა თოიძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობასაც შეეხო საუბარი.