შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ბრალდებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩო მართლმსაჯულებაში არ ერევა.
დეგნანის თქმით, საელჩოს მიზანია დაეხმაროს საქართველოს სასამართლოს, გახდეს მეტად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე.
"ჩვენი პროგრამები არაა შექმნილი იმისთვის, რომ ვინმე დაასანქციროს, ეს პროგრამები არის ღია მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის, იურისტებისთვის, მათ ვისაც აქვთ სურვილი, ითანამშრომლონ თავიანთ კოლეგებთან აშშ-ში და მიიღონ გამოცდილება. ჩვენი საქმიანობა საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ბოლო 30 წლის განმავლობაში გულისხმობს სასამართლო სისტემის დახმარებას, რომ ის იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, რომ გადაწყვეტილებები დაფუძნებული იქნეს კანონზე, მტკიცებულებებზე და იქნეს მიღებული დამოუკიდებლად.
ძალიან სამწუხაროა, თუ ვინმე ცდილობს მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენას, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს საელჩოს წარმომადგენელი ნამდვილად არ არის. მე მქონდა კარგი შეხვედრები ქართველ მოსამართლეებთან, მათ შორის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარესთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, სადაც ჩვენ განვიხილავდით ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს სისტემასთან, რაც მიმართულია უფრო დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სასამართლოს შექმნისკენ და განვიხილეთ ეს წარმატებული საქმიანობა.
არავინ ცდილობს აშშ-ის საელჩოდან ზეწოლა მოახდინოს მოსამართლეებზე, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ და ჩვენი სურვილია დავეხმაროთ საქართველოს სისტემას, იყოს უფრო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე", - თქვა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, 15 ივლისს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ წერილი გაავრცელა, რომელშიც საქართველოში შეერთებული შტატები ელჩს მიმართავდა.
წერილში ჩხიკვაძემ აღიარა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენის შემდეგ საელჩომ ის აშშ-ში პროგრამიდან მოხსნა. ჩხიკვაძის შეფასებით, ეს საელჩოს მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა იყო.
ბრალდებას კელი დეგნანმა 15 ივლისს უპასუხა და განაცხადა, რომ მართალი არ იყო.
ჩხიკვაძის განცხადების შემდეგ, "ოცნების" ხელისუფლბა აშშ-ს ელჩს თავს ესხმის და მისგან "პასუხებს მოითხოვს". აღნიშნულ რიტორიკას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა. პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, გასულ ღამეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია და ელჩ დეგნანზე პერსონალური თავდასხმები არ შეესაბამება პარტნიორების მუშაობას.