პირობითი მსჯავრის გაუქმება, ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება, შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა, ბრალდების შემსუბუქება/გადაკვალიფიცირება, სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესება, წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადება და ა.შ. - არასამთავრობოების კვლევით, სწორედ ეს შეთავაზებები ჰქონდა მმართველ პარტიას არჩევნებში მხარდაჭერის მიღების სანაცვლოდ კონკრეტული ამომრჩევლებისთვის.
დოკუმენტაცია და ერთობლივი კვლევა დღეს გასაჯაროვდა. "სამართლიანი არჩევნებისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ცნობით, ანგარიშში წარმოდგენილია მამხილებლის მიერ გადაცემული ინფორმაცია. ეს მამხილებელი კი სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილია.
"პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ცხადად ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში (განსაკუთრებით მეორე ტურის წინ და შემდეგ თვეებში) საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟებში ბევრმა პირმა დაადასტურა დოკუმენტებში მოყვანილი გარემოებები." ნათქვამია ანგარიშში.