
დნესტრისპირეთში ბაზირებული ე.წ. ოპერატიული ჯგუფის (OGRO) რუსი სამხედროები მოლდოვამ ქვეყანაში არ შეუშვა, - ამის შესახებ უკრაინული მედია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები კონტინგენტის როტაციის წესით დასაკომპლექტებლად მიდიოდნენ.
"რუსეთის ჯარების ე.წ. ოპერატიული ჯგუფის ოფიცრები, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული უკანონო ფორმირება, რომელიც არღვევს ნეიტრალიტეტის სტატუსს, არ შეუშვეს მოლდოვას ტერიტორიაზე... ამ კონტექსტში, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტრო იმეორებს მოლდოვის ხელისუფლების პოზიციას ჩვენი ქვეყნიდან რუსული ჯარებისა და საბრძოლო მასალის გაყვანის პროცესის უპირობოდ განახლების აუცილებლობის შესახებ“, - განაცხადეს უწყებაში.
ცნობისთვის, OGRO შეიქმნა ყოფილი მე-14 რუსული არმიის ნარჩენებისგან, რომელიც განლაგდა დნესტრისპირეთში 1990-იანი წლების დასაწყისში და აქტიურად მონაწილეობდა დნესტრისპირეთის კონფლიქტში. მოლდოვა დნესტრისპირეთში OGRO-ს არსებობას უკანონოდ მიიჩნევს და მის გაყვანას ითხოვს.