
იურისტი ბაჩანა შენგელია აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე, რომლითაც მტკიცდება, რომ არჩევნების დროს სუს-ი საჯარო სკოლის დირექტორებზე ზეწოლას ახორციელებდა, პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს.
ამის შესახებ შენგელიამ "მთავარი არხის" გადაცემა, "დღის სტუმარში" ისაუბრა.
საუბარია, ბაჩანა შენგელიას დედის, ია კერზაიას საქმეზე. კერზაია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო, 2018 წელს ის განათლების სამინისტროსა და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ ია კერზაიას ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ საქმე 2019 წელს დახურა, თუმცა საქმეზე ამ დრომდე შედეგი არ დამდგარა.
"მე პირადადაც ვაპირებ პროკურატურაში შევიტანო განცხადება. დედაჩემის საქმე მათ შეწყვიტეს 2019-ში სრულიად არანაირი შედეგი არ დამდგარა ისე და ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო, ვაპირებ, შევიტანო განცხადება, რომ ამ მტკიცებულებების საფუძველზე ხელახლა დაიწყონ გამოძიება. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს", - თქვა ბაჩანა შენგელიამ.
შენგელია აღნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მას გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა განცხადების შეტანისკენ ის მოუწოდებს, ყველას, ვინც სუს-ის მასალებში საკუთარი თავი ამოიცნო. შენგელიას თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ახალი პროკურატურის პირობებში, საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი.
ცნობისთვის, არასამთავრობოების მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში, რომელშიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაციებია, ნათქვამია, რომ 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი აღარ დანიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიჩნევენ, რომ მამხილებლის მიერ გადაცემული ფაქტები და დოკუმენტაცია დამატებით მტკიცებულებად უნდა იქნას განხილული ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე, ია კერზაიაზე განხორციელებული ზეწოლის ნაწილში.
მამხილებელი დოკუმენტაციის გამოქვეყნებიდან 24 საათია გასული, თუმცა პროკურატურას ამ დრომდე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.