
ბოლო პერიოდში რუს დამპყრობლებთან ბრძოლებში ყოველდღიურად 30-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება, 250-მდე კი იჭრება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო სარდლობისგან ანგარიშს ყოველდღიურად იბარებს.
"მაისში და ივნისში საბრძოლო მოქმედებების პიკში უკრაინა დღეში 100-დან 200-მდე ჯარისკაცს კარგავდა, ახლა დაღუპულთა რიცხვი დღეში 30-მდე შემცირდა, ხოლო დაშავებულების რაოდენობა 250-მდე", - თქვა ზელენსკიმ.
როგორც გამოცემა წერს, მსხვერპლთა რაოდენობის შემცირება ცეცხლის ბალანსის ცვლილების გამო გახდა შესაძლებელი, რაც ძირითადად უზრუნველყო შეიარაღებული ძალების მიერ დასავლური იარაღების ეფექტურმა გამოყენებამ.
ამასთან, ინტერვიუში ზელენსკიმ უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა და აღნიშნა, რომ ეს რუსეთს საშუალებას მისცემს, გადაიარაღდეს, გადაჯგუფდეს, შეინარჩუნოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საბოლოო ჯამში, კონფლიქტის გაფართოებას შეუწყობს ხელს.
"რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც რუსეთს შესვენების შესაძლებლობა მისცემს. ისინი ამას არ გამოიყენებენ გეოპოლიტიკის შესაცვლელად ან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიმართ პრეტენზიებზე უარის თქმისთვის", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინულ საზოგადოებას მიაჩნია, რომ შეთანხმების მიღწევა მას შემდეგ იქნება შესაძლებელია, რაც უკრაინა თავის ყველა ტერიტორიას გაათავისუფლებს.
"ჩვენი ხალხი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. რაც უფრო მალე გავაკეთებთ ამას, მით უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.