სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, "ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, ყველანაირი დავალება შეესრულებინა".
გოგაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც უკანონო დავალებები გახშირდა, გადაწყვიტა, სამსახურიდან წასვლის ნაცვლად, დარჩენილიყო და "სისტემის მხილებისთვის მტკიცებულებები შეეგროვებინა".
"მოგესალმებით,
დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი.
მქონდა სამი არჩევანი:
- 1. სამსახურიდან წამოსვლა
- 2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა
- 3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით, რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ.
ვინც მე მაკრიტიკებთ თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას", - წერს სოსო გოგაშვილი.
შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს და ე.წ. მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მას ბრალი ოფიციალურად 17 ივლისს წარუდგინეს.
18 ივლისს, სოსო გოგაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ცნობით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალდებულია სსკ-ის სამი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.