სოსო გოგაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

სოსო გოგაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 8 სექტმებერს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს - ადვოკატები მისი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვდნენ და სასამართლოს 50 000 ლარს სთავაზობდნენ.

შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი 16 ივლისს, მისივე სახლში ჩატარებული რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს და ე.წ. მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ბრალი კი ოფიციალურად გუშინ, 17 ივლისს წარუდგინეს. პროკურატურის ცნობით სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალდებულია სსკ-ის სამი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე. იოსებ გოგაშვილმა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, ზემოაღნიშნული მონაცემები პირადი მიზნებისთვის გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში, რომელთაგან ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ,  რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი  გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე.

ჩატარებული გამოძიების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ იოსებ გოგაშვილმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და  საბრძოლო  მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი  იარაღისა და  საბრძოლო  მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე." ნათქვამია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი