მმართველი პარტიისთვის შეწირული თანხები და მილიონობით ლარის ღირებულების მოგებული ტენდერები - მშენებელი ბიზნესმენი, რომელსაც ათეულობით სახელმწიფო ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა აქვს მიღებული, ამჯერად დიღომში 12 000 კვადრატული მეტრი მიწის მფლობელი ხდება.
ტარიელ გიორგაძე რამდენიმე კომპანიის მფლობელია, რომლებიც ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიებს გაფორმებული აქვთ არაერთი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიასთან, მიღებული აქვთ არაერთი ტენდერი და გამარტივებული შესყიდვა. ჯამში გიორგაძის ერთ-ერთი კომპანიის მოგებულმა ტენდერებმა 40 მილიონ ლარს გადააჭარბა, კიდევ ერთი კომპანიის ტენდერები კი 200 მილიონ ლარზე მეტის ღირებულებისაა.
პარალელურად, ირკვევა, რომ ბიზნესმენს "ქართული ოცნებისთვის" დაახლოებით 60 000 ლარი აქვს შეწირული, მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორ დიმიტრი კუპატაძეს კი 41 000 ლარი.
ამასთან, საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა საკითხი, რომლის მიხედვითაც ტარიელ გიორგაძეს კუთვნილი 3 200 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი დიღომში, 12 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთში გაუცვალეს. მიზეზი ისაა, რომ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც ის 3 200 კვ. მეტრ ნაკვეთს ფლობდა და საცხოვრებელ კორპუსს აშენებდა, მშენებლობის პროცესში იყო დარღვევები და მოქალაქეებმა პროექტის შეჩერება მოითხოვეს.
ბიზნესმენის ბოლო წლების საქმიანობა კორუფციის მკვლევრებმა და "ქართული ოცნების" ოპონენტებმა შეისწავლეს. ისინი კორუფციის შესაძლო ნიშნებზე საუბრობენ.
"საქმე გვაქვს ისეთ კომპანიასთან, რომლის დირექტორიც და მთავარი მეწილეც არიან ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები. გარდა ამისა, ტენდერებში თუ გამარტივებულ შესყიდვებში მათ აქვთ ფაქტობრივად უკონკურენტო გარემო და ათობით მილიონის მოგებას ნახულობენ. შემოდის მსგავსი გარიგებები, ფაქტობრივად გამოძიების ჩატარება გჭირდება იმისთვის, რომ გაიგო, რეალური საფუძველი რა არის ამის. ჩვენ ნამდვილად არ ვართ მხოლოდ ღილაკზე თითის დამჭერები და თუ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ასეთი დეპუტატები, რომლებიც მხოლოდ იმისთვის არიან, რომ ასეთ გარიგებებს ხელი მოაწერონ, ჩვენ ნამდვილად არ ვართ მათ შორის", - თქვა საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრმა, ნინო კვიტაიშვილმა.
თავად ტარიელ გიორგაძე კი ამბობს, რომ ტენდერები და "ოცნებისთვის" თანხის შეწირვა ერთმანეთთან "კავშირში არ არის". მისი თქმით, ტენდერებს იმის გამო იგებს, რომ მის კომპანიებს სხვადასხვა სამუშაოების წარმოების "დიდი გამოცდილება აქვს".
"მე რახან ჩავთვალე, რომ თქვენ ასჯერ გამატელევიზორეთ და მოსახლეობამ მთხოვა, რომ თუ შეიძლება, რომ გაგიცვალონ მიწა და თუ დათანხმდებითო, ჩემი კეთილი ნება იყო და დავთანხმდი, მოსახლეობის ხათრით გავაკეთე. მომცეს მიწა დიღომში, თუმცა მე მერჩივნა 3 300 კვადრატის საბურთალო გამეცვალა ვთქვათ 2 000 კვადრატულ მიწაზე ვაკეში... ჩემი კეთილი სურვილი იყო და შევწირე, ტენდერებთან არაფერ შუაში არ იყო. თქვენც თუ გნებავთ ჩაატარეთ ტენდერი, შემოვალ და თუ ვინმე დამბრაკავს. რაში მჭირდება ვინმეს მფარველობა", - თქვა კომპანია "ელ ჯორჯიას" დირექტორმა, ტარიელ გიორგაძემ.