დღეს უკრაინა მსოფლიო ისტორიის მსვლელობას ცვლის. და ისტორიის ამ თავს კონკრეტული ადამიანები წერენ, რომელთა შორის მთავარი სიტყვა ქართველ დავით არახამიასაც ეთქმის. და მაინც, ვინ არის დავით არახამია? ეს კითხვა უკრაინაში პუტინის ომის დაწყებისთანავე მთელ მსოფლიოს გაუჩნდა.
ოკუპანტ რუსეთთან ერთ-ერთი მთვარი მომლაპარაკებელი და პრეზიდენტ ზელენკსის მთავარი საპარლამენტო დასაყრდენი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც მაღალი რანგის მოლაპარაკებაზე კეპითა და სამხედრო მაისურით მიდის, და გამოსავალს ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი პოულობს. დევნილობაში გაზრდილი გაგრელი ბიჭის გზა უკრაინის რადამდე ნამდვილად არ ყოფილა ადვილი, თუმცა არც პოლიტიკა წარმოადგენდა მისთვის იდეაფიქსს და რომ არა რუსეთის აგრესია, შესაძლოა ეს არც არასდროს მომხდარიყო.
ყველაფერი კი 2014 წლიდან დაიწყო. როცა მაშინ უკვე ძალიან წარმატებულმა ახალგაზრდა IT-ბიზნესმენმა აღმოაჩინა, რომ უკვე მეორედ, რუსი ოკუპანტები ახლა უკვე მისი მეორე სამშობლოსა და სახლის განადგურებას შეუდგნენ. სულ პირველად კი ეს აფხაზეთის ომის დროს მოხდა, როცა არახამიებს გაგრის დატოვება მოუწიათ.
ყირიმში პუტინის მწვანე კაცუნების გამოჩენისას არახამია უკრაინის სამსახურში რიგითი მოხალისის რანგში ჩადგა, არმიას ფულითაც ეხმარებოდა, და სანადირო თოფით შეიარაღებული საგუშაგო რაზმშიც გაწევრიანდა.
დავით არახამიას იდეებმა და ენერგიამ მალევე მიიქცია პოლიტიკოსების ყურადღება. მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც, ვის პარტიასაც ის IT კონსულტაციებით ეხმარებოდა. თუმცა პოლიტიკაში ჩართვას მაინც დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდა.
საბოლოოდ კი მხოლოდ ზელენსკიმ მოახრეხა მისი დაარწმუნება, რომ წარმატებული ბიზნესმენის ალღო ხალხის სამსახურში ჩაეყენებინა, მოყვარული დრამერის რიტმზე კი ამბიციური რეფორმების მთელი ტალღა აეწყო.