უკრაინაში პუტინის ომის დაწყების დღიდან სულ უფრო მეტი რუსეთის მოქალაქისთვის საქართველო საიმედო თავშესაფრად იქცა. ჩრდილოეთიდან ჩვენს ქვეყანაში ათეულობით ათასი ადამიანი გადმოვიდა საცხოვრებლად, ზოგი რამდენიმე თვით, ზოგიც ძალიან დიდი ხნით და გრძელვადიანი გათვლებით.
გასაგებია, რომ რუსეთში მილიტარისტული განწყობების ზრდის პარალელურად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები მთავარი სამიზნე აღმოჩნდნენ. სიტყვა ომის გამოყენებისთვისაც კი მათ ციხეში უშვებენ და ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, რომ მათ სხვაგან თავშესაფრის ძიება დაიწყონ. თუმცა საქართველო, უვიზო მიმოსვლისა და რუსეთისადმი კეთილგანწყობილი ხელისუფლების გამო, ემიგრაციისთვის პირველი არჩევანი არის იმათთვისაც, ვისაც უბრალოდ დასავლური სანქციებისთვის თავის არიდება და ჩვენი ქვეყნის როგორც უკანა საფინანსო არხის გამოყენება სურს.
როცა რუსეთის მოქალაქეების ასეთი დიდი ნაკადია, ცხადია იქვე კრემლის ინტერესიცაა მათ უთვალთვალოს. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მიგრანტმა პირდაპირ თქვა, რომ რუსული ეფესბე საქართველოში რუსებზე ინფორმაციის მოგროვებას და თვალთვალს ავალებდა, რისი გაკეთებაც მას არ სურს. მაგრამ სხვები ამას შესაძლოა დიდი სიხარულით აკეთებენ, ჩვენ ეს არ ვიცით.
რაც დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ ადამიანის აღსარებას თუ აღიარებას ქართველი სამართალდამცველების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. არავის უკითხავს ამ ადამიანისთვის ვისგან მოდიოდა დავალება, ვინ იყო თბილისში კურატორი, იცნობდა თუ არა სხვა ინფორმატორებსაც, არის თუ არა თბილისში აგენტურული უჯრედი.
ჩვენ არც ის ვიცით, ზუსტად რამდენი რუსეთის მოქალაქე მკვიდრდება საქართველოში დიდი ხნით და იღებს ბინადრობის ნებართვას. რუსების მხრიდან უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ დაწერილი ჩვენი განცხადებები საჯარო რეესტრის მხრიდან უპასუხოდ რჩება. ფაქტად კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მოზღვავებული რუსი მიგრანტების და ტურიზმის აღდგენის გამო უძრავი ქონება ისე გაძვირდა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმიუწვდომელი გახდა.