ბიჭვინთაზე საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადებაც კი - SJC

გამოქვეყნდა:

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფხაზეთში, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის და მის მიმდებარედ 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას ეხმიანება და მოუწოდებს სახელმწიფოს დროულად გადადგას ნაბიჯები აფხაზეთში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შეკავებისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებისკენ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საკითხს აფხაზეთში პროტესტი მოჰყვა, რის პასუხად დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ აფხაზეთს მეტი ალტერნატივა არ აქვს, რუსეთი მათთვის ერთადერთი ალტერნატივაა, მაშინ როცა "მეზობლებთან" ომში იმყოფებიან და დასავლეთი მათ არ აღიარებთ. აფხაზურ საზოგადოებაში ამ საკითხს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გაჩნდა რეფერენდუმის იდეაც "ენდობა თუ არა ხალხი დღევანდელ პარლამენტს".

"აფხაზეთში მიმდინარე პროცესების პასუხად, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დღემდე არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადებაც კი, რაც საერთაშორისო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წინაშე ამ საკითხის აქტიური დაყენების, რუსეთის მიმართ უკმაყოფილების დიპლომატიური სიგნალის ჩვენებისა და ამავდროულად აფხაზური საზოგადოებისთვის მხარდაჭერის გამოვლინება იქნებოდა. ამგვარი რიტორიკა წლების განმავლობაში ქართული დიპლომატიური ენისა და პრაქტიკის ყოველდღიურობა იყო და გაუგებარია, რა გახდა მისი უაპელაციო შემობრუნების მიზეზი", - წერს ორგანიზაცია. 

ორგანიზაცია წერს, რომ მთლიანობაში აშკარაა, რომ აფხაზეთის საზოგადოებაში მძლავრია თვითმყოფადობის შენარჩუნების და დაცვის ინტერესი, მათ შორის რუსეთის ანექსიური პოლიტიკისგან, იმ ფონზეც კი, როცა რუსეთი აფხაზეთის დღევანდელი ელიტისთვის ერთადერთ უსაფრთხოების გარანტორად განიხილება.

"აფხაზურ საზოგადოებაში არსებული ეს პროცესები უხილავი რჩება ქართული საზოგადოებისთვის და პოლიტიკური ელიტისთვის და სამწუხაროდ, არ ხდება წინააღმდეგობის ამ ისტორიული პროცესების სათანადო დანახვა კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. უფრო მეტიც, სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიანობისთვის სახელმწიფოს მიერ მობილიზებული პოლიტიკური, ადამიანური და ეკონომიკური რესურსები მკვეთრად მწირია, რაც საკითხის ნაკლებ პრიორიტეტულობაზე უფრო მიუთითებს", - წერს SJC.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • აქტიურად დააყენოს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის საკითხები და ამ კუთხით გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და დიპლომატიური ზომა პროცესის შესაჩერებლად;
  • გადახედოს და საზოგადოებას ჩააბაროს ანგარიში, თუ რას აკეთებს ის რეგიონში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გააქტიურების და ფორსირების პირობებში და ამ მიმართულებით რა პოლიტიკურ, დიპლომატიურ სტრატეგიებსა და სამუშაოებს მიმართავს;
  • არსებულ კონტექსტში გააძლიეროს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის და მშვიდობის მშენებლობის პროცესი და შექმნას ადგილობრივი ელიტებისთვის და საზოგადოებისთვის მისაღები და საინტერესო ეკონომიკური და სოციალური ალტერნატივები.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი