
საგამოძიებო მოქმედებები რუსთავის ციხეში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა სოსო გოგაშვილს დნმ-ის ნიმუშები აუღეს. ეს სავარაუდოდ იმ მტკიცებულებებთან შესადარებლადაა საჭირო, რომელიც სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სახლიდან ამოიღეს და რაზეც გოგაშვილი ამტკიცებს, რომ მას იარაღი ჩაუდეს. პროცესს დაკავებულის ადვოკატებიც დაესწრნენ.
დღეს ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიყავით ბატონ იოსებ გოგაშვილთან გამომძიებლებთან და ექსპერტებთან ერთად და ჩატარდა კონკრეტული საპროცესო მოქმედებები. მნიშვნელოვანი გარემოებები ექსპერტებისა და გამომძიებლის მხრიდან გაჟღერებული არ ყოფილა, უბრალოდ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებების ჩატარების მიზნით ვიყავით მხოლოდ შესულები... იყო, რა თქმა უნდა, მცდელობა, რომ სრული საქმე გასაიდუმლოებულიყო. როგორც ჩანს, არის შესაბამისი გადაწყვეტილება გამოტანილი სრული მასალების გასაიდუმლოებასთან დაკავშირებით, - ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.
ავტორი: გუგა მაისურაძე