
კრიტიკული არხების მედიამენეჯერები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან "მთავარი არხის" ჟურნალისტზე თავდასხმას აფასებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკური შიშით შეპყრობილი ხელისუფლება თავს ესხმის ყველას, ვინც მათ დისკომფორტს უქმნის. მათი შეფასებით, ჟურნალისტებზე ძალადობის წამხალისებელიც სწორედ მმართველი პარტიაა, რომელიც მედიის წარმომადგენლებზე თავდამსხმელებს არ სჯის.
"ისეთი მასშტაბის პოლიტიკოსს, როგორადაც თავი ირაკლი კობახიძეს წარმოუდგენია, უნდა შეეძლოს პოლიტიკური და ადამიანური ღირსების შენარჩუნება და პასუხის გაცემა კითხვაზე, ან თუნდაც ბრალდების ავტორისთვის პასუხის გაცემა და არა ჟურნალისტებზე თავდასხმა. კუთხეშია მიმწყვდეული როგორც ჩანს ირაკლი კობახიძე და მთლიანად "ქართული ოცნებაც" და ამ გამოუვალ მდგომარეობაში არაადეკვატურად იქცევიან და პაუსხობენ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, ეს მიანიშნებს მათ დრამატულ მდგომარეობას", - ამბობს პაატა იაკობაშვილი.
"ფორმულას"გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, გარდა იმისა, რომ ზოგადად მიუღებელია ადამიანთან ასეთი ტიპის კომუნიკაცია, ცხადია, რომ ირაკლი კობახიძის ქცევა შეიცავს სხვა საფრთხეებსაც, როგორიცაა ჟურნალისტებზე ძალადობა.
"ტვ პირველის" დირექტორი, ვატო წერეთელი ამბობს, რომ თავდასხმები, შეურაცხყოფა, უზრდელობა "ქართული ოცნების" სახეა.
"მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა:"ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს".