სუს-ის ფაილების გამოქვეყნების შემდეგ, რომლებშიც საუბარია მასწავლებლებზე წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლაზე, ბაჩანა შენგელია დედამისის საქმის გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს. გარდაცვლილ ია კერზაიას შვილი პროკურატურაში განცხადების შეტანას დღეს გეგმავს.
ის საქმის ფიგურანტების, მათ შორის მაშინდელი პრემიერის, გიროგი გახარიას გამოკითხვას ითხოვს.
"შემაქვს გენერალურ პროკურატურაში განცხადება დედაჩემის საქმის, ია კერზაიას საქმის გამოძიების განახლების მოთხოვნით. ვეცდები, რომ პროკურატურაზე მოვახდინოთ ის საზოგადოებრივი წნეხი თუნდაც, იმისთვის, რომ ფორმალურად დაწყებულ იქნეს გამოძიება და როგორც მინიმუმ დაიკითხოს ყველა ის ფიგურანტი, მათ შორის გიორგი გახარია პირველ რიგში, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს", - ამბობს ბაჩანა შენგელია.
ია კერზაია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო, 2018 წელს ის განათლების სამინისტროსა და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ ია კერზაიას ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ საქმე 2019 წელს დახურა, თუმცა საქმეზე ამ დრომდე შედეგი არ დამდგარა.
არასამთავრობოების მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტში, რომელშიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემული ინფორმაციებია, ნათქვამია, რომ 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი აღარ დანიშნა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.