სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, ყბა აუკანკალდა, პირზე დუჟი მოადგა - კობახიძე "მთავარის" ჟურნალისტს ისევ თავს ესხმის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ჟურნალისტს დღესაც თავს ესხმის და შეურაცხყოფას აყენებს. ამ თემაზე მან ცოტა ხნის წინ სტატუსი გამოაქვეყნა სადაც ჩვენი ტელევიზიის ჟურნალისტზე წერს, რომ ის "სიბინძურისგან გაბოროტებული" იყო, ყბა უკანკალებდა და "პირზე დუჟი მოადგა".

მისივე აზრით, ეს "ნაცმოძრაობის ბოროტების ძალას" აჩვენებს.

"გუშინ "მთავარის" ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამას "მთავარიდანაც" კი ბევრი არ იკადრებდა. თან ამ სიბინძურისგან თვითონვე ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა. ამის შემხედვარეს "რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა" იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, ნაცმოძრაობის ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკამოროზოვობას ნიშნავს. ვინც გუშინ "მთავარის" ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან. ინგა გრიგოლიასგან, გიორგი თარგამაძისგან, ნიკანორ მელიასგან, ლევან ხაბეიშვილისგან და სხვა ცნობილი ვაჭრებისგან (ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), პატარა კაცებისგან და პატარა ქალებისგან ეს არავის გაკვირვებია.

მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი. დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო. დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ", - წერს ირაკლი კობახიძე.

ცნობისთვის, გუშინ"მთავარი არხის" ჟურნალისტმა "ოცნების" ლიდერს კითხვა რადას ფრაქცია " ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაუსვა, რომელშიც მან თქვა, რომ "КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა". კობახიძემ საპასუხოდ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა:"ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე... ნუ დაემსგავსე შენს ბელადს"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი