
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას პოლარიზაციის გაღრმავებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ "რადიკალური" ოპოზიციის მხრიდან 12 პუნქტიან გეგმაზე სამუშაო ჯგუფის შექმნა, პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობაა.
"ბოლო დღეები ვხედავთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ და მასთან დაკავშირებულმა ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს. ნათელია, რომ ტექნიკური მთავრობის ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა ტექნიკური პარლამენტის პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მხრიდან არჩეული პარლამენტს დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ ტესტწყობილობასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილთან მუშაობა დაიწყო. პარალელურად "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ლელომ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომელთა მუშაობაშიც ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც.