
ხერსონის ოლქში ოკუპანტების საჰაერო თავდაცვის ძალებმა საკუთარი Ka-52 ტიპის მოიერიშე ვერტმფრენი გაანადგურეს, რომელმაც მანამდე შეცდომით რუსი სამხედროების პოზიციები დაბომბა. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს.
მათი ცნობით, მტრის ავიაციამ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე სულ ოთხი დარტყმა განახორციელა, აქედან ორი ვერტმფრენით, თუმცა ამ თავდასხმებს უკრაინელ დამცველებს შორის მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"შუადღისას ოლგინოს რეგიონში (ხერსონის ოლქი) Ka-52 ტიპის ვერტმფრენმა, რომელიც აპირებდა ჩვენს ქვედანაყოფზე თავდასხმას, თავისიანების პოზიციები დაბომბა. ამის გამო, მას რაშისტების საჰაერო თავდაცვამ ცეცხლი გაუხსნა", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, "სამხრეთის" ცნობით, ოკუპანტებმა Су-34 ტიპის თვითმფრინავიდან ბაშტანკას მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ორივე გაანადგურა.
გასული დღის განმავლობაში უკრაინელებმა სამხრეთის მიმართულებით 89 რუსი დამპყრობელი მოკლეს, შედეგად სრულად გათავისუფლდა სოფლები ანდრიევკა და ლოზოვე.