
ღამით რუსეთის ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ორი უბანი დაბომბეს. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
მისი ცნობით, თავდასხმის შედეგად 54 წლის ქალი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"ღამით ისევ დაგვბომბეს... რუსებმა იერიში მიიტანეს ორ უბანზე - ნიკოპოლსკი და კრივორიზკი. ნიკოპოლსკის რაიონს მტერმა ორჯერ დაარტყა "გრადების" გამოყენებით, 40-მდე ჭურვი ისროლეს. მარგანკაში 54 წლის ქალი დაჭრეს, რომელიც საავადმყოფოშია", - ამბობს რეზნიჩენკო.
მისივე თქმით, ქალაქში დაზიანდა 8 ხუთსართულიანი კორპუსი, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი და საწარმო.
გარდა ამისა, აგრესორების კიდევ ერთი სამიზნე ზელენოდოლის თემი იყო. არტილერიით დაბომბვის შედეგად, ველიკა-კოსტრომკაში ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. სოფლის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.