მეტი მტკიცებულებაა საჭირო... ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ ივანიშვილის მხილებაში გულწრფელია - მელია გოგაშვილზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებები საყურადღებოა, თუმცა გაჟღერებულ ბრალდებებს უფრო მეტი მტკიცებულებები სჭირდება. 

მათი თქმით, თუ გავრცელებული ინფორმაციების ნამდვილობა დადასტურდება, კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს.

"რა თქმა უნდა ვითარება არის მნიშვნელოვანი, ყურადღებას იმსახურებს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება მატერიალური სახით. ის უნდობლობა, რომელიც არსებობს დღეს ბატონი გოგაშვილის მიმართ, არ არის გასაკვირი, ვინაიდან გოგაშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი ბურჯი ამ რეჟიმის. ბევრ ადამიანს არ სჯერა, რომ ის არის გულწრფელი ბიძინა ივანიშვილის მხილებაში, ბევრს სჯერა. ამიტომ, ვისაც არ სჯერა, ეს ადამიანები დარწმუნდებიან იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რეალური მხილება ბიძინა ივანიშვილის. მაგრამ თავისთავად, იმ ტიპის მტკიცებულებები რომლებიც წარმოადგინა ამ ბატონმა, არის უკვე ძლიერი მტკიცებულებები, მაგრამ არა საკმარისი", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ მიუხედავად გოგაშვილის მიერ გაჟღერებული ბრალდებების სიმძიმისა, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, ამგვარ საქმეებს არცერთი შესაბამისი უწყება არ გამოიძიებს.

"მუხთარლის საქმე მგონი თავიდანვე გასაგები იყო, რომ სუს-ის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის გატაცება შუა ქალაქიდან. პირდაპირ ხელს ადებს იმას, რომ ივანიშვილის უკანონო დავალებებს ასრულებდნენ. უბედურება ისაა, რომ ამ ქვეყანაში ამ წუთში არ არსებობს რაიმე ნდობის მქონე რომელიმე ინსტიტუტი, რომელმაც შეიძლება ასეთი საქმეები გამოიძიოს და დაადგინოს, რა მოხდა. სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, რეალობაში ვიქნებით. იქ რასაც ყვება, უამრავი ხალხია დასაჭერი", - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში მორიგი აღიარება გაავრცელა. მის წერილში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება და შემდეგ ამ მასალების წაშლა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა.

განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ გელა ხვედელიძის ცემა ტელეფონზე ბიძინა ივანიშვილის გინების გამო, ფარცხალაძის ბანდამ შეასრულა, ფაქტები კი სუს-მა გააქრო. 

ამავე წერილში გოგაშვილი შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართავს. ამბობს, რომ გომელაურმა სუს-ის თანამშრომლებს "საკუთარი ქალიშვილის საქმრო გაატაცებინა, აწამებინა და სომხეთის საზღვარზე გადააგდებინა".

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი