"არა ონის კასკადს" - მასშტაბური საპროტესტო აქცია რაჭაში. ადგლილობრივები ონის ცენტრში შეიკრიბნენ და გიგანტური ჰესის მშენებლობის ბრძანება გააპროტესტეს. სპეციალისტების თქმით, კასკადის აშენების შემთხვევაში, გვირაბში, მდინარე რიონის დიდ ნაწილს, მილში მოაქცევენ, დაზიანების შემთხვევაში კი, რეგიონი მთლიანად წყლით დაიფარება.
ცნობილია ისიც, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და ოთხ სოფელში მცხოვრები 300-მდე ოჯახი, შესაძლოა, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ონში გაცემულ, მშენებლობის ლიცენზიას არ შეაჩერებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. აქციის მონაწილეების თქმით, კასკადის აშენება დამღუპველი და მოსახლეობისთვის საფრთხისშემცველია.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს აქ კასკადი. იმიტომ, რომ ეს არის დამღუპველი.
ძირს გამოუთხრის მთლიანად რაჭის ხეობას. ეს არის უნიკალური მდებარეობა. არის ძალიან ძლიერი მდინარე, თუ ადიდდა, აზვავდა, არის საფრთხე იმის, რომ მილებში გაიჭედოს და მერე უკვე იქნება საშინელება, კატასტროფა იქნება და აი ამას ვეწინააღმდეგებით, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მუხედავად იმისა, რომ აქცია აპოლიტიკური იყო, მას ოპოზიცური პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც შეურთდნენ. მათ ტრიბუნით არ უსარგებლიათ, თუმცა საკუთარი პოზიცია მედიასთან დააფიქსირეს. ამბობენ, რომ გიგანტური ჰესის მშენებლობა ნიშნავს, რომ რაჭა რაჭველების გარეშე დარჩება.
ეს არის ეკო-კატასტროფა. რაჭას, იმერეთს, ფოთს, დასავლეთ საქართველოს, რაც ემუქრება. გეუბნებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ და არ დავუშვებ, არცერთ პირობებში რაჭა-ლეჩხუმში, არცერთი ჰესის მშენებლობას და არამარტო აქ. ჩვენს ხარჯზე ფულსაც აკეთებენ და ეკო პრობლემასაც გვიქმნიან, ამიტომ ბოლომდე აუცილებლად ვიბრძოლებთ, - ამბობს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
აქციის მიმდინარეობისას ადგილზე მცირე ინციდენტი მოხდა - შეკრებილებს შორის აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც არ სურდათ, საპროტესტო აქციას პოლიტიკოსები შეერთებოდნენ. თუმცა, ინციდენტი მალევე დასრულდა.