
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი, შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივანი გახდეს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გაზეთი The Telegraph ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჯონსონი მაღალი თანამდებობის გარეშე დარჩეს, განსაკუთრებით უკრაინის მიმართ მისი ძლიერი მხარდაჭერის ფონზე. გამოცემის მიხედვით, ჯონსონის წარდგენას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე მხარს თავდაცვის კომიტეტის წევრები რიჩარდ დრაქსი და მარკ ფრანსუა უჭერენ.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამჟამად სათავეში ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი უდგას. ის ამ თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბრამდე იქნება, თუმცა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ კიდევ ერთი ვადით სურს პოსტზე დარჩენა.