
თბილისის მერის, კახი კალაძის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლიდა ევროპულ ინტეგრაციას და შეურაცხყოფდა ევროპულ ღირებულებებს. მან ევროპარლამენტარები ისევ გააკრიტიკა და თქვა, რომ ცალკეული დეპუტატების კომენტარები არც მეგობრულია, არც პარტნიორული.
მისივე თქმით, ეს კონკრეტული ადამიანები კონკრეტული პარტიების და პოლიტიკოსის მხარდამჭერები არიან.
"საქართველოს ხელისუფლებას არასდროს გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუშლიდა ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც შეურაცხყოფდა ევროპულ ღირებულებებს. ის ცალკეული განცხადებები, რომელსაც ვისმენთ ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არც მეგობრულია, არც პარტნიორული, არანაირი ინტერესი მათ არ გააჩნიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, განვითარდეს, რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ რეფორმები და ამ რეფორმებით გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ეს კონკრეტული ადამიანები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსის მხარდამჭერი. შესაბამისად, მათ და მათ განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვთ", - თქვა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო. ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ "ოცნებამ" პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.
ივანიშვილი ამბობს, რომ "როდესაც ომის უშუალო საფრთხე" მაქსიმალურად განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.