გენერალ გიგი კალანდაძის ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლი შეიძლება ისე გაეყიდათ, რომ აგვისტოს ომის გმირსა და გაერთიანებული ძალების ყოფილ უფროსს ამის შესახებ ვერაფერი გაეგო. საქმე ისაა, რომ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ სამხედროს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ტრისტან წითელაშვილმა ერთი წლის წინ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლოში უჩივლა.
თავდაცვის ძალების ყოფილი პოლკოვნიკის გაღიზიანება მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს მოჰყვა, რის მიხედვითაც გიგი კალანდაძე ტრისტან წითელაშვილს რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუშობაში ადანაშაულებდა. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ისე წარიმართა, რომ მოპასუხე მხარისთვის ცნობილი არ ყოფილა. მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა წითელაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ჯერ საქალაქო სასამართლოში, შემდეგ კი აღსრულების ეროვნულ ბიუროში, გენერლის ქონების შესწავლისა და დაყადაღების პროცესი ისე მიმდინარეობდა, რომ არც კალანდაძისთვის და არც მისი ოჯახის წევრებისთვის ცნობილი არ ყოფილა. ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ამ ადგილას, საიათნოვას შვიდ ნომერში, გიგი კალანდაძის კუთვნილი ფართის შესაფასებლად აღსრულების ბიურო მივიდა. წარმომადგენლები ფოტოს გადაღებისას მეზობლებმა დაინახეს და ოჯახს აცნობეს. ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლო და აღსრულების ეროვნული ბიურო კალანდაძეს წერილებს არასწორ მისამართზე უგზავნიდნენ, თუმცა წერილების გაგზავნას მაინც განაგრძნობდნენ.
ტრისტან წითელაშვილი ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა.
წითელაშვილი, პოლიტპატიმრის სტატუსით, 2013 წელს "ოცნების" ხელისუფლებამ გაათავისუფლა.
ჯაშუშობის მუხლით ბრალდებული ყოფილი პოლკოვნიკი ხშირად გამოირჩევა ღიად პრორუსული განცხადებებთ. მის წინააღმდეგ არსებობს არაერთი ბრალდება, მაგალითად ის, რომ მისი სამხედრო სამსახურის დასრულება პანკისში იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში მუშაობისას, წითელაშვილი პანკისში იარაღით და ტყვიაწამლით ვაჭრობდა. ფაქტის შესახებ იცოდა პროკურატურამაც, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა და პოლკოვნიკი მხოლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახლა კი ტრისტან წითელაშვილი ბოდიშის მოხდას გიგი კალანდაძისგან ელოდება და ამბობს,რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
ამ დროისთვის, აღსრულების ეროვნული ბიურო გიგი კალანდაძის ქონების აუქციონზე გატანას აპირებს. დაყადაღებულია ანგარიშები, ქონება და ძებნაზეა გენერლის ავტომობილი. საქალაქო სასამართლოს 2019 წლის ორი ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ტრისტან წითელაშვილს გიგი კალანდაძემ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს. კალანდაძის უფლებადამცველებმა უკვე შეიტანეს საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი, რის მიხედვითაც, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გენერლის ქონების აუქციონზე გატანის შეჩერებას ითხოვენ.