ძველი ბოტასები და გაყალბებული საქმეები - სამოქალაქო აქტივისტები შოთაძეს პარლამენტთან პროტესტით ხვდებიან

გამოქვეყნდა:

პარლამენტში მისულ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს, ძველი ბოტასებითა და გაუხსნელი გახმაურებული საქმეების ჩამონათვალით ხვდებიან.

დილიდან სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან დამცავ ჯებირზე იმ პირების ფოტოები გააკრეს რომელთა საქმეებიც გაყალბდა ან გამოძიება საერთოდ არ დასრულდა. ჩამონათვალში შედის აფგან მუხთარლის გატაცების საქმე, ე.წ. ციანიდის საქმე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და სხვები. სიმბოლურად პარლამენტის კედელზე ჩამოკიდეს ბოტასებიც.

აქტივისტები ამბობენ,  რომ ირაკლი შოთაძე ფორმალური ფიგურაა და რეალურად ის გერმანიაში ფეხსაცმლის ქურდობისთვის დაკავებული ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გავლენების ქვეშ იმყოფება.სამოქალაქო აქტივისტებს პოლიცია საკანონმდებლო ორგანოში არ უშვებს. ისინი ამბობენ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ირაკლი შოთაძის მოსმენა პროტესტისა და ხმაურის ფონზე ჩაივლის. 

"არ გვიშვებენ ვინაიდან პარლამენტის საშვთა ბიუროს მთლიანად აკონტროლებს სუსი. ვინაიდან არ გვიშვებენ ვაპირებთ გარედან გავაპროტესტოთ,"-აცხადებს ზვიად კუპრავა. 

დღეს პარლამენტში ბოიკოტის მიუხედავად მივა ოპოზიცია. როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ შოთაძის დაბრუნება საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია. 

"ბუნებრივია, რომ ადამიანები აპროტესტებენ. ესეც არ უნდათ, რომ დისკომფორტი შეექმნას მათ თოჯინას. არ ვაპირებთ შოთაძისთვის კითხვების დასმას, მაგრამ ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჰგონია ყველაფერი გაუვა, ჩვენ არ ვართ ივანიშვილის თოჯინები. ხვალ გვაქვს დაანონსებული სირცხვილის კორიდორები პარლამენტთან,"-აცხადებს ელენე ხოშტარია.

დღეს ირაკლი შოთაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უნდა მოუსმინო, ხვალ 14:00 საათზე კი ის პარლამენტში პლენარულ სხდომაზე უნდა მივიდეს, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატი თანამდებობაზე 5 წლის ვადით უნდა აირჩიონ. ოპოზიციაშიც აცხადებენ, რომ ამ დროისთვის პარლამენტთან საპროტესტო აქცია იქნება. 

"შოთაძე ეს არის უბრალოდ სახელი და გვარი, მისი ერთადერთი დამსახურება უშუალო ერთგულება და ქართული ოცნების და ივანიშვილის ყველა დავალების შესრულებაა. ყველამ ვიცით,რომ არც კონკურსი ყოფილა არც არაფერი ყოფილა,"-ამბობს გიორგი ვაშაძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი