ქალთა სახეები "ოცნებაში" - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება და გენდერული კვოტირება

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება და პრემიერ გახარიასთნ ერთად "ოცნების" საარჩევნო სიაშიც ვიხილავთ. ალბათ გასაგებია ვინ იქნება პირველი. მაგრამ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მმართველ გუნდი მეზარბაზნეებსაც ეძებს და ეძებს ახალ სახეებს, ვისთან ერთადაც ისევ შეეცდება მოქალაქეების დარწმუნებას რომ "ოცნება მუშაობს".

94 მომხრე და ერთი წინააღმდეგი - ცვლილების მიღებით, პროპორციულ სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მმართველმა პარტიამ კვოტირების ახალი წესი იმით ახსნა, რომ ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში გაიზარდება. ყველა პოლიტიკური პარტია სიისთვის ახლა მინიმუმ 30 ქალს ეძებს.

ვის ეძებს "ოცნება"? მმართველ პარტიაში ჯერ მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ სიის ფორმირებაზე მუშაობა დაწყებულია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" სიაში გამსვლელ პოზიციაზე ნინო კობახიძე იქნება. 

ნინა კობახიძე ახლა კომპანია "ბენეფიტსის" გენერალური დირექტორი და ბიზნესლიდერთა ფედერაციის "ქალების მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. სატელევიზიო ინტერვიუზე არ დაგვთანხმდა, მაგრამ "მთავართან" სატელეფონო კომენტარში ამბობს, რომ ჯერ "ოცნებისგან" შეთავაზება არ მიუღია.

ნინა კობახიძე თვითონაც არ მალავს, რომ "ოცნებათან" მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. მთავრობაში ირაკლი ღარიბაშვილის კადრი იყო და მისი პრემიერობის დროს კანცელარიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. ორ პრემიერთან - ირაკლი ღარიბაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილთან მოუწია მუშაობა. კურირებდა სოლიდარობის ფონდს და განათლების საერათაშორისო ცენტრს. ახლა "ოცნების" კარზე, როდესაც ღარიბაშვილის გავლენა ისევ გაძლიერდა, კობახიძის პოლიტიკაში დაბრუნებაც, დეპუტატის რანგში ლოგიკური იქნება.

"ქართული ოცნების" სახე 2020 წლის არჩევნებზე იქნება, სავარაუდოდ, ჟურნალისტი და "ჯორჯიან უოთარ ენდ ფაუერის" კომუნიკაციების მენეჯერი ეკა ბერიძე. ამაზე მედიაც აქტიურად წერს. ეკა ბერიძე "ოცნების" მთავრობას, ბოლო დროს, განსაკუთრებით აქებს. მის "ფეისბუქ"-პოსტებს ოფიციალურ ქსელში აზიარებს მთავრობაც. ერთ-ერთი ბოლო პოსტი იმაზე დაწერა, თუ როგორი წარმატებულია ქვეყანა კოვიდთან ბრძოლაში.

"მთავარმა არხმა" სამსახურში მიაკითხა. კითხვაზე - მიდის თუ არა პოლიტიკაში და რა გეგმი, ეკა ბერიძემ "მთავართან" კომენტარის გაკეთება არ ისურვა. "მთავარი არხის"  ინფორმაციით, "ოცნებაში" მის პიარზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. ეკა ბერიძის მეუღლე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეკა ბერიძის სიაში ჩაწერით, კახა ბექაურს "ოცნებამ" ერთგულება და კრიტიკულ მედიასთან ბრძოლა დაუფასა.

კიდევ ერთი ქალი, ვისაც, სავარაუდოდ, "ოცნება" სიაში გარანტირებულ ადგილს შესთავაზებს, ფერმერთა ასოციაციის თავმჯოდმარე, ნინო ზამბახიძეა.

ნინო ზამბახიძე "მთავარს" უყვება, რომ პოლიტიკაში თავის ადგილს ვერ ხედავს. მოსწონს და უყვარს ის საქმე, რასაც აკეთებს და ამ მიმართულებით კიდევ დიდი გეგემები აქვს.

ვერც შეედავები ჰქონდეს ასეთი პოზიცია, რადგან ორი ძროხით დაწყებული ბიზნესი, უდიდეს ფერმერულ მეურნეობად აქცია და გასულ წელს ოვალურ კაბინეტში, მსოფლიოს ლიდერ ქალებთან ერთად დონალდ ტრამპსაც სტუმრობდა. მაგრამ, რას იზამს იმ შემთხვევაში, თუ პირადად ბიძინა ივანიშვილსგან მიიღებს შეთავაზებას?

იმ ქალებს, ვისაც დეპუტატის მანდატი "ქართული ოცნების" კვოტით უკვე აქვთ: გუგული მაღრაძე, ენძელა მაჭავარიანი, სოფო კილაძე, ნინო წილოსანი, სვეტლანა კუდბა და ფატი ხალვაში - ეს "ოცნების" მეცხრე მოწვევის პარლამენტის ქალთა შემადგენლობაა. "მთავარმა" ჩაწერა ექვსივე - რა გეგმა აქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? გაირკვა, რომ დეპუტატობა ისევ უნდათ, უბრალოდ, ისინიც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოსა და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

რამდენად იქნება გამოსავალი ის, რომ სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს და რამდენად მოაგვარებს ეს პარლამენტში გენდერული ბალანსის პრობლემას, სავარაუდოდ წლის ბოლოს გაირკვევა, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი