
შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის შეურაცხყოფას ამჯერად, ვიცე-პრემიერი და კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი განაგრძობს.
სამთავრობო ტელეარხ იმედის ეთერში წულუკიანმა დეგანს "მავანი უწოდა" და თქვა, რომ უცნაურია, როცა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ივანიშვილთან შეხვედრას "მავანი ითხოვს", როცა ივანიშვილს მინისტრებიც კი არ ხვდებიან.
"მთავარი ისაა, რომ თავად ამ შეხვედრის მონაწილემ [ბიძინა ივნიშვილი] ეს დღეს დაადასტურა, ამავე შეხვედრის მეორე მონაწილემ [აშშ-ის ელჩმა] ეს შეკითხვა აიცილა თავიდან. პირველ რიგში, როგორც მეორე მონაწილეს, მას [კელი დეგნანს] ეკუთვნის პირველი სიტყვა, მით უმეტეს, როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, თავად ელჩს მოუთხოვია ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, მისდამი საზოგადოებას ექნება შეკითხვა და ის თავად გასცემს პასუხს, რას ეხებოდა, რატომ იყო მოთხოვნა საჭირო.
მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები საკეთებლად, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა,მინისტრები, მათ შორის, მეც, არათუ სამი საათით, სამი წუთით არ შევხვედრილვართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს. მით უმეტეს, რომ ხშირად, მას შემდეგ რაც ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური პროცესიდან, არაერთი ოპონენტი და პარტნიორი გამომცდელ კითხვას გვისვამს, როდის ნახეთ ბოლოს ივანიშვილი. უცნაურია, როცა ასეთ კითხვას უსვამ მინისტრს და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას იმ პირთან", - თქვა თეა წულუკიანი.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ 2022 წლის 21 მარტს ის აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ივანიშვილს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.