
დილით რუსმა ოკუპანტებმა ვიშგოროდის რაიონის ერთ-ერთ დასახლებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსეი კულებას ინფორმაციით, აგრესორებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს.
"დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახურები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ მოახდინოთ განგაშის სიგნალების იგნორირება, ჩადით თავშესაფარში. ომი გრძელდება, მტერი აგრძელებს მზაკვრულ სარაკეტო თავდასხმებს", - ამბობს კულება.
ასევე, ცნობილია, რომ რუსებმა დაბომბეს მიკოლაევი და ხარკოვი. მიკოლაევის მერმა, ალექსანდრ სიენკევიჩმა ძლიერი აფეთქებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა კი დაწერა, რომ ღამით რეგიონი 2-ჯერ დაიბომბა.
"ორივე დაბომბვა შუაღამისას მოხდა. ერთი უფრო ახლოს ცენტრთან, მეორე ერთ-ერთ მიმდებარე რაიონში. ორი მცირე ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს", - თქვა ტერეხოვმა.
გარდა ამისა, ჩერნიგოვის დაბომბვის შესახებ გამთენიისას ინფორმაცია გაავრცელა ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.
"დილის 5 საათის შემდეგ, ბელარუსის ტერიტორიიდან რაკეტები გაუშვეს. წინასწარი ინფორმაციით, დარტყმები გონჩარივსკისთან განხორციელდა. ჩვენი საჰაერო თავდაცვა მუშაობს, ფრთხილად იყავით", - დაწერა ვიაჩესლავ ჩაუსმა.