მადლობა ღმერთს, რომ გონივრული პოლიტიკით მშვიდობა შევინარჩუნეთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შემთხვევითი არ არის - ღარიბაშვილი 

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას კვლავ საქართველოს "ომში ჩართვის მცდელობაზე" გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ხელისუფლებამ გონივრული პოლიტიკით ქვეყანას "დიდი განსაცდელი აარიდა".

როგორც მან აღნიშნა, "ორნიშნა ეკონომიკური ზრდა შემთხვევითი არ არის".

"ჩვენ ძალიან დიდი განსაცდელი გამოვიარეთ, მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინაში. ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ ის, რომ ეს განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, პროვოკაციებისა და პირდაპირი მოწოდებებისა, ჩვენმა გუნდმა აიცილა თავიდან ყველაზე დიდი განსაცდელი რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას დამართნოდა - ეს არის ომი. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ეროვნული, გონივრული პოლიტიკით მშვიდობა, სტაბილურობა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ არის შემთხვევითი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ ჩვენი ქვეყნის წინსვლა", - თქვა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლების დაპირისპირებას აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან, ღარიბაშვილმა ამასთან დაკავშირებით არ ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების გასაძლიერებლად "მაქსიმუმს გააკეთებს".

"ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. მე, როგორც მთავრობის მეთაური, ვაკეთებ და გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ ეს ურთიერთობა რომელიც გვაქვს ამერიკასთან, ევროპასთან, კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ეს არის მთავარი ამოცანა. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს შეუქცევადი გზაა, სხვა ყველაფერი, ყოველგვარი სპეკულაციები არის საფუძველს მოკლებული", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი