როცა ელჩი ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული - სუბარი

გამოქვეყნდა:

"ოცნებიდან" ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ ამერიკის ელჩისთვის ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება შეიძლება ისეთივე ე.წ. აღქმის საკითხია, როგორც მოსამართლეზე ზეწოლა. მისი აზრით, "შეიძლება ის ბიძინა ივანიშვილსაც ზუსტად ისევე არ აშანტაჟებდა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძეზე არ განუხორციელებია ზეწოლა".

სუბარი ამტკიცებს, რომ როდესაც ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული.

"ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით შეიძლებოდა ყოფილიყო გამოხატული. მაგალითად, თუ კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით გამოხატა უკმაყოფილება და ამ უკმაყოფილებაზე მითითებით, ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება მოსთხოვა, ყველა დაგვეთანხმება, რომ ეს უკვე ცხადი შანტაჟია. ამ ყველაფერს ისიც თუ დაემატა, რომ შეხვედრაზე ელჩი ბიძინა ივანიშვილისგან, მაგალითად, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მთელი დაჟინებით ითხოვდა, ომისკენ მიმართული შანტაჟის ლოგიკური ჯაჭვი უკვე სრულად იკვრება.

ცხადია, ბიძინა ივანიშვილს ელჩისგან უშუალო დაშანტაჟება საერთოდ არ ჭირდებოდა. როდესაც ელჩი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ეს უკანასკნელი უკვე მძიმე შანტაჟის ქვეშ იყო მოქცეული. იმ დროისათვის, მას შეჩერებული ქონდა არა მხოლოდ საბანკო გადარიცხვები, არამედ, აგრეთვე, ფერწერული ნამუშევრების გადატანა ნიუ-იორკიდან და ლონდონიდან და ვერტმფრენის ჩამოყვანა გერმანიიდან, რაზეც საერთაშორისო მედიაში უამრავი სტატიაც დაიბეჭდა. ასეთ პირობებში, ბიძინა ივანიშვილის არდაშანტაჟება ზუსტად ისეთივე სიმართლეა, როგორც მოსამართლე ჩხიკვაძისთვის ამერიკაში ვიზიტის „რუტინული მიზეზებით“ გაუქმება", - წერს სოზარ სუბარი. 

კელი დეგნანმა "ოცნებიდან განდგომილი" დეპუტატების ბრალდებებს არაერთხელ უპასუხა. მან განაცხადა, რომ არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე, ან "შანტაჟზე". დეგნანი აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელია, რომ "მეორე ფრონტის" შესახებ განცხადებებს "ოცნების" წევრები ეხმიანებიან და რომ ისინი ცუდ სამსახურს უწევენ ქართველ ხალხს. იხილეთ ასევე: 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი