"ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა" | შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის დროს, ვერტმფრენში 8 ადამიანი იმყოფებოდა. 

უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

არიან თუ არა გარდაცვლილები, ამ საკითხზე შსს-ს განცხადებაში საუბარი არაა. 

"დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი"- ნათქვამია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობს.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი