
შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან აშშ-ის ამჟამინდელ ელჩზე თავდასხმებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს დამაბნეველია მისთვისაც და "საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან".
"ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ", - ამბობს ტეფტი "ამერიკის ხმასთან".
გარდა ამისა, დიპლომატი აცხადებს, რომ უსაფუძვლოა არგუმენტები, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა.
"ზოგიერთები საქართველოში რატომღაც ფიქრობენ, რომ ამერიკას მეორე ფრონტის გახსნა სურს. ეს ყველანაირ საფუძველს მოკლებული არგუმენტია. ყოველ შემთხვევაში, იქედან გამომდინარე, რაც მე რუსეთის ომთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის პოლიტიკის შესახებ ვიცი... როცა ადამიანები ამბობენ, რომ შეიძლება რაღაც სხვა ხდება, ჩემთვის ეს საღ აზრს მოკლებული განცხადებებია. არ მესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რადგან ამის შესახებ აქ, ვაშინგტონში ნამდვილად არაფერი მსმენია და მე მჭიდრო კავშირი მაქვს უამრავ ადამიანთან, როგორც მთავრობაში, ასევე მის გარეთ", - აცხადებს ტეფტი.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და პარტიიდან ფორმალურად წასული დეპუტატები აქტიურად ავრცელებენ ანტიდასავლურ მესიჯებს და ქვეყნის "ომში ჩართვის მცდელობებზე" საუბრობენ. ისინი თავს ესხმიან დიპლომატებსაც, მათ შორის საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის უკვე ყოფილ ელჩს, კარლ ჰარცელს.