
ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდას მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებასა და ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულების ადვოკატები, სასამართლოს გადაწყვეტილებას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მას გაასაჩივრებენ.
უფლებადამცველების განმარტებით, სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.
"8-ვე პატიმრის მიმართ სასამართლომ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ამას რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ. დღეს ჩვენ ვიხილავდით, სანამ ჭეშმარიტება დადგება ამ საქმეზე მტკიცებულებას ხომ არ გაანადგურებენ ბრალდებულები, ხომ არ ჩაიდენენ ახალ დანაშაულს ან ხომ არ ეცდებიან მიმალვას, ამის კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს. მე ასეთი რაღაც ვიფიქრე, რომ მოსამართლე შეეცადა, ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი და აბსტრაქტული ქმედება რამენაირად გაენადგურებინა", - თქვა ჯაბა კოჭლამაზაშვლმა.
განსხვავებული პოზიცია აქვს განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულის ადვოკატს. დავით ჯიჯეიშვილის უფლებადამცველი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მისთვის მოსალოდნელი იყო.
გარდა ამისა, როგორც ცნობილია ჯიჯეიშვილი განზრახ მკვლელობის მუხლით წარდგენილ ბრალს აღიარებს, თუმცა ჯგუფურ ხულიგნობაზე ბრალდებას უარყოფს.
"29 ივლისს დავით ჯიჯიეიშვილი დედის თანხლებით ნებაყოფლობით აღიარებით მივიდა განყოფილებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ათვითცნობიერებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. დღეს იმის ილუზია არ ჰქონია, რომ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა", - თქვა ჯიჯიეიშვილის ადვოკატმა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 8-ვე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს გაიმართება.
საქმეზე დაკავებული 8 პირიდან გამოძიება ერთს, დავით ჯიჯეიშვილს განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება, 5-ს წინასწარი შეთანხმებით ჩადენილ ხულიგნობას, ხოლო ორ პირს ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.
ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
ავტორი: საბა ბუაძე