
"კაპიტულაცია არ იქნება, სერბეთი გაიმარჯვებს" - ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი საუბრობს და კოსოვო-სერბეთს შორის დაძაბულ ვითარებას ეხმაურება.
ჩვენ არ გვინდა ომი და არ გვინდა კონფლიქტი. ვთხოვ ალბანელებსაც და სერბებსაც, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ასევე, მოვუწოდებ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა, იმოქმედონ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და აღკვეთონ პროვოკაციები. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა კონფლიქტი, ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც უნდა ომი, მაგრამ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც თქვენ მარტივად მოუგებთ. ვილოცებთ მშვიდობისთვის, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, კაპიტულაცია არ იქნება, სერბეთი გაიმარჯვებს!, - ამბობს ვუჩიჩი.
კოსოვოს პრემიერმინისტრი, ალბინ კურტი არეულობაზე პასუხისმგებლობას სწორედ ალექსანდრე ვუჩიჩს აკისრებს. ამბობს, რომ "იმუშავებენ დღე და ღამე, იქნებიან პასუხისმგებელი მოსახლეობაზეც და მათ დემოკრატიული რესპუბლიკაზეც".
სერბეთის სასაზღვრო პუნქტებზე შემოსასვლელი და გასასვლელი დოკუმენტების გაცემა ჯერ არ დაწყებულა. ჩრდილოეთში სერბულმა უკანონო სტრუქტურებმა ყველაფერი გზის გადაკეტვითა და სროლით დაიწყეს. ამას წინ უძღოდა მათი განცხადებები, შეხვედრები ბელგრადსა და რაშკაში. ეს აგრესიული ქმედებები, რაც დღეს ხდება, იყო სპეციალურად დაგეგმილი. არეულობაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები ვუჩიჩი და პეტკოვიჩი არიან.
კოსოვოს რესპუბლიკის მთავრობა არის დემოკრატიული და პროგრესული, რომელსაც უყვარს და პატივს სცემს კანონს და კონსტიტუციას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრუქტირები აგროვებენ ინფორმაციას, აკონტროლებენ სიტუაციას და იმოქმედებენ კანონისა და მოქალაქეების, ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
მომდევნო დღეები, კვირები და საათები შეიძლება იყოს რთული და პრობლემური. ჩვენს წინაშეა სერბული ნაციონალური შოვინიზმი, რომელსაც კარგად ვიცნობთ. ვიმუშავებთ დღე და ღამე, ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი თქვენზეც და ჩვენს დემოკრატიული რესპუბლიკაზეც, - თქვა ალბინ კურტმა.
ცნობისთვის, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე დაძაბულობაა. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები სერბეთის საზღვართან გადაჰყავს. სერბეთის პრეზიდენტის მტკიცებით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას აპირებს.
კოსოვო, სადაც ძირითადად ეთნიკურად ალბანელები ცხოვრობვენ, სერებეთს 1999 წელს გამოეყო და ოფიციალურად დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებლობას 100 ქვეყანა, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, გერმანია და თურქეთი აღიარებენ. სერბეთი კი კოსოვოს დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 14 წლის შემდეგ ჩრდილოეთში მცხოვრები დაახლოებით 50 000 სერბი, სერბეთის ხელისუფლების მიერ გაცემულ სანომრე ნიშნებსა და დოკუმენტებს იყენებს. ისინი უარს აცხადებენ კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინას დაქვემდებარებული ინსტიტუტების აღიარებაზე.
პრემიერმინისტრის ალბინ კურტის მთავრობამ განაცხადა, რომ სერბებს 60 დღის ვადას მისცემდა კოსოვოს სანომრე ნიშნების მისაღებად. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქე, რომელიც სერბეთიდან კოსოვოში მიემგზავრება, შესვლისთვის საზღვარზე დამატებითი დოკუმენტი უნდა მიიღონ.
ანალოგიური წესი მოქმედებს კოსოველების მიმართ, რომლებიც სერბეთში ჩადიან.
კოსოვო-სერბეთის საზღვარზე, დაძაბულობის გამო, აშშ-სა და ევროკავშირის კონსულტაციების შემდეგ, მთავრობამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას პირველ სექტემბრამდე გადაავადებდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი