"დავინახე, ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში..." | "მთავარმა" მირიან კუკავას მკვლელობის საქმის ოქროს მოწმის ჩვენება მოიპოვა

გამოქვეყნდა:

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, "მთავარმა არხმა" ოქროს მოწმის ჩვენება მოიპოვა. იუბილარის და, ნანა არაბული ჩვენებაში ყვება, როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მოკლული მირიან კუკავა და მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯიეიშვილი:

"როდესაც მე გარეთ გავედი ეზოდან, ქუჩაში, ჭიშკრიდან დაახლოებით, 3-4 მეტრში იმყოფებოდა მხოლოდ მირიან კუკავა და დავით ჯიჯიეიშვილი, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობდნენ და ხელით ეხებოდნენ ერთმანეთს, ხოლო მათ გარდა სხვა არავინ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეზო განათებულია და ქუჩაც რაღაც დონემდეა, მე ვერ დავინახე რომელიმე მათგანს ხელში ეჭირა თუ არა, რაიმე სახის საგანი ან ნივთი. მე მაშინვე ჩავერიე და დავიწყე მირიანის და დათოს გაშველება, რა დროსაც წავიქეცი. როდესაც ავდექი დავინახე, რომ მირიანი იყო წაქცეული, ჰქონდა ჭრილობა მუცლის არეში და მოსდიოდა სისხლი. ასევე მე იმ მომენტში, ვერ შევამჩნიე, თუ სად წავიდა, მირიან ჯიჯიეშვილი. ასევე არ დამინახავს ის მომენტი, თუ რა დროს მიაყენა აღნიშნული დაზიანება დათომ მირიან ან რითი მიაყენა", - წერია ოქროს მოწმის ჩვენებაში.

ცნობისთვის, 20 წლის ახალგაზრდას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 8-ვე პირს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება 31 ივლისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა. ცნობილია, რომ მათგან ერთს, დავით ჯიჯიეშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება. მკვლელობის ნაწილში ის ბრალს აღიარებს: ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ვაღიარებ, რომ მირიან კუკავა ჩემი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა - დავით ჯიჯეიშვილი

რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, 5 პირს ბრალი ედება ხულიგნობაში, ორს კი ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაული შეუტყობინებლობაში.

ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი