"ჯანმრთელობის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარე, არ სცალია პოლიტიკისთვის", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ვალერი გელბახიანი საუბრობს. ის ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკისგან გამიჯვნის გადაწყვეტილება მიიღო.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად არის გაუარესებული, რომ მას არც სცალია პოლიტიკისთვის და არც აქვს სურვილი, რაიმე ფორმით მონაწილეობა მიიღოს ან აქტიური, ან პასიური ფორმით. უბრალოდ, პოლიტიკური საკითხი დღის წესრიგიდან ამ დროისთვის მოხსნილია და დგას მხოლოდ ერთი საკითხი - მისი ჯანმრთელობა და მისი სიცოცხლე. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ გვითქვამს ადვოკატებს, არც მას უთქვამს, რომ ვინმეზე ნაწყენია, რომ პარტიას ემიჯნება, ასეთი სიტყვები არ აქვს ნათქვამი. ეს არის დატრიალებული ინტერპრეტაცია. ამაზე ის კომენტარს არ აკეთებს და არც ჩვენ ვართ უფლებამოსილი ვისაუბროთ ამ თემაზე. ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან სავალალო, დღის წესრიგის ნომერ პირველი საკითხი არის სწორედ ეს საკითხი და აქედან გამომდინარე, არ სცალია პოლიტიკისთვის, - ამბობს გელბახიანი.