
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, რომელმაც ოდესის პორტი გუშინ დატოვა, უკვე ბოსფორის სრუტეშია.
არსებული ინფორმაციით, გემი საერთო საკონტროლო ჯგუფის შემოწმებას გაივლის. საკონტროლო ჯგუფსი შედიან რუსეთისა და უკრაინის მაღალჩინოსნები. გარდა ამისა, შემოწმებაზე პასუხისმგებელია სტამბოლის საკოორდინაციო ცენტრი.
„სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი, სიმინდით დატვირთული გემი Razoni, რომელიც გუშინ ოდესის პორტიდან დაიძრა, უკვე ბოსფორის სრუტეშია“, - წერია განცხადებაში
ცნობისთვის, 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებას თურქეთს, რუსეთს, უკრაინასა და გაერო-ს შორის უკრაინული საკვების საზღვაო ექსპორტის განბლოკვის შესახებ.
შეთანხმების ხელმოწერიდან 24 საათზე ნაკლებ დროში რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა. გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მა დაგმეს ის, ანკარამ კი მხარეებს მიღწეული შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდა.
28 ივლისს, შეთანხმებების განხორციელების მხარდასაჭერად, ოთხშაბათს სტამბოლში ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის გახსნის ცერემონია გაიმართა.