
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით მჟავანაძე ოზურგეთის ვიცე-მერს, გიორგი ღურჯუმელიძეს უკანონო მეთოდებით სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებაში სდებს ბრალს.
მჟავანაძის თქმით, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი 2007 წლიდან 2015 წლამდე სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან თავს კანონის გვერდის ავლით არიდებდა.
"მაშინ როცა რუსები 2008-ში გვბომბავდნენ, ის დიდი ალბათობით, დეზერტირობდა", - ამბობენ ოპოზიციაში.
სამხედრო სამსახური რომ არ გაუვლია, ეს ღურჯუმელიძემ "მთავართან" საუბარში დაადასტურა, თუმცა დამატებით კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ის ჟურნალისტს თავს დაესხა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ოზურგეთის სამხედრო განყოფილების უფროსი 2008-2022 წლებში ილია ლეჟავა მომხდარს ადასტურებს, თუმცა ამ თემაზე საუბრისაგან თავს იკავებს. საკითხზე არც ოზურგეთის სამხედრო განყოფილებაში საუბრობენ.
ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, განყოფილების უფროსი და მოადგილე სამსახურიდან დაითხოვეს, ის კი ინფორმაციას ვერ გასცემს, რადგან არაუფლებამოსილია.
ავტორი: ლადო მენაბდე