ერთი ნაბიჯი მეორედ მოსვლამდე- შოთაძის ხმაურიანი მოსმენა იურიდიულ კომიტეტზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი შოთაძეს პარლამენტში გამოსვლა დრეს ხმაურის ფონზე უწევდა. ბიძინა ივანიშვილის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის ლიდერები წინააღმდეგობის მიუხედავად იურიდიულ კომიტეტის დარბაზში მაინც შევიდნენ, შოთაძეს ივანიშვილის მონა უწოდეს და ის გახმაურებული და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები შეახსენეს, რომელიც შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდს უკავშირდება

ელენე ხოშტარიამ და თინა ბოკუჩავამ დარბაზში საპროტესტო ტრანსფარანტიც გაშალეს სადაც დიდი ასოებით ეწერა მონა. ოპოზიციონერი დეპუტატები ამტკიცებენ რომ შოთაძე ივანიშვილმა არა პროფესიული დამსახურებისთვის, არამედ პოლიტიკური მორჩილების ნიშნით შეარჩია. დეპუტატებმა სხდომაზე იმ პატიმრების გამოსახულებიანი ფლაერებიც დაარიგეს ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად აღიარებს. 

ოპოზიციონერი ქალების პროტესტს ირაკლი შოთაძე მშვიდად უსმენდა. დეპუტატებს მან სიტყვით გამოსვლისას უპასუხა.  ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ქმედების შესაფასებლად აკაკი წერეთლის გამზრდელი მოიშველია. 

პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკის შემდეგ ირაკლი შოთაძემ დიდი ხანი ილაპარაკა, რა მიზნით ბრუნდება პროკურატურაში. მისი გამოსვლის ტექსტი საპროკურორო საბჭოზე გამოსვლის ტექსტის ანალოგი იყო.

განსახორციელებელი რეფორმების გაცნობისას ირაკლი შოთაძემ დეპუტატების შეკითხვები მოისმინა. ყველაზე კრიტიკულები დამოუკიდებელი დეპუტატები იყვნენ. დეპუტატები დაინტერესდნენ რატომ დაიწყო მთავარი პროკურორობიდან გათავისუფლებულმა შოთაძემ კონსულტანტად მუშაობა "სილქ როუდ ჯგუფში". კომპანიაში რომლის საეჭვო ქმედებებსაც მანამდე თავად იძიებდა. 

დეპუტატებს ასევე აინტერესებდათ ბიძინა ივანიშვილთან გამართული იმ შეხვედრის დეტალები, რომელში მონაწილეობაც შოთაძემ თავად დაადასტურა. რა სტატუსით მივიდა ქართული ოცნების თავმჯდომარესთან და რატომ არ დატოვა ბიზნესგარჩევა დროზე ადრე.

დამოუკიდებელი დეპუტატებს ასევე აინტერესებდათ როგორი იქნებოდა ირაკლი შოთაძის მიდგომა ელიტურ სახელისუფლებო კორუფციასთან . დაიწყებდა თუ არა ის დევნას მმართველ პარტიასთან დაახლოებული ჩინოვნიკების ან პირადად ივანიშვილის მიმართ. 

ივანიშვილის რჩეულს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა საარჩევნო პროკურორიც დაარქვეს, რადგან მიაჩნიათ რომ თანამდებობაზე მეორედ მას სწორედ პოლიტიკური დაკვეთების შესასრულებლად ნიშნავენ.

უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატების კრიტიკული კითხვების საპირისპიროდ, "ქართული ოცნების" წევრებმა შოთაძის მისამართით დღეს საქებარი სიტყვები არ დაიშურეს და ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ირაკლი შოთაძის მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამის შემდეგ შოთაძეს გენპროკურორობამდე ერთი ნაბიჯი რჩება. მისი კანდიდატურა პარლამენტის პლენარულ სესიაზე უნდა დამტკიცდეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი