რა საჭიროა ქვეყანაში კანონი და სასამართლო, როდესაც საქმეებს კრიმინალური ავტორიტეტები პირდაპირ ქუჩაში არჩევენ, ვიღაცას აშინებენ, ზოგს ემუქრებიან, ზოგს ძარცვავენ, სცემენ, ზოგს კი კლავენ - ხელისუფლება უკვე წლებია კანონიერი ქურდების "მომსახურებით" სარგებლობს და მათთან დიდ ვალშია, "ქართული ოცნება" არჩევნებსაც კი ვეღარ ატარებს კრიმინალური და უბნის ავტორიტეტების დახმარების გარეშე. "ქართული ოცნება" რომ დღესაც ხელისუფლებაშია, ეს დიდწილად სწორედ კრიმინალების მიერ დაშინებით მიცემული ხმების დამსახურებაა.
ფოთიც, ისევე, როგორც ხელისუფლება და მთელი ქვეყანა, კანონიერი ქურდების პოლიგონად და საკუთრებად არის ქცეული - ქალაქი კრიმინალების მიერ კონტროლდება, სისხლიანი გარჩევები პირდაპირ ქუჩებში ხდება.
სამი დღის წინ ფოთში მომხდარი სასტიკი მკვლელობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, რომელსაც ქურდები უფრო მართავენ, ვიდრე ხელისუფლება. და რა მძიმე მდგომარეობაში არიან ბიზნესმენები, რომლებიც იძულებულები არიან, ხარკი უხადონ კრიმინალურ დაჯგუფებებს - სხვაგვარად მათ ბიზნესის წარმოების საშუალებას არავინ მისცემს. ხელისუფლება მათ ვერ იცავს, იმიტომ, რომ თვითონ თანამშრომლობს ქურდებთან.
ბიზნესმენები და მათგან წილის მოთხოვნა ფიგურირებს ფოთის მკვლელობაშიც. 2 ივლისს ფოთი შემზარავმა მკვლელობამ შეძრა, 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა მამასთან ერთად სამძიმარზე იყო, როცა მათ დღისით, ექვსკაციანი შეიაღებული დაჯგუფება დაესხათ თავს. ხმაურიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ ვაჟა ტყებუჩავა გაიტაცეს. რამდენიმესაათიანი ცემისა და წამების შემდეგ თავდამსხმელებმა ის ფოთის ნაგავსაყრელზე დააგდეს, სასტიკად ნაცემს მანქანიდან გადმოგდების შემდეგაც სიკვდილამდე ურტყამდნენ და ბოლოს მიატოვეს.
ეს ყველაფერი დაინახა იქვე მცხოვრებმა ზაირა ბასილაიამ განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი. მათ 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ელით. თუმცა აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელები გაცილებით მეტნი იყვნენ.
სასწრაფოს გამოძახების შემდეგ მომაკვდავი ვაჟა ტყებუჩავა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით, საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მას დახვრეტილი ჰქონდა მუხლები, გადამტვრეული ჰქონდა ხელებისა და ფეხების კიდურები. თვალბუდისა და თავის ქალის უმძიმესი დაზიანებებით ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ჩვენთან საუბარში სასწრაფო ბრიგადის წევრი ამბობს, რომ ვაჟას ცოცხალს მოუსწრო, მაგრამ მას არ უთქვამს ვინ დაესხა თავს.
ფოთში ამბობენ, რომ ეს მკვლელობა ქალაქში ქურდული გარჩევების მორიგი სერიაა და გაგრძელება აუცილებლად იქნება. თავდამსხმელები ფოთელები არიან, ისინი ე.წ. კანონიერი ქურდის ჯუმბერ ბაირამიდის, იგივე "ბონჩოს" დაჯგუფებას წარმოადგენენ, ფოთში მათ შესახებ ყველამ იცის, რომ კრიმინალური ავტორიტეტის ჯუმბერ ბაირამიდის ხელშეუხებელი ბანდა ქალაქში შეიარაღებული დადის.
მოკლულის მამა შვილის კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობას არ ადასტურებს და იმასაც უარყოფს, რომ მას ემუქრებოდნენ.
როგორც ფოთის "ქურდული სამყაროს“, ისე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ვაჟა ტყებუჩავა კიდევ ერთი ფოთელი კრიმინალის რუსლან გუგუნავას დაჯგუფების წევრი იყო, რომელიც ფოთელ ბიზნესმენებს თენგო სარიშვილის, კახა ლატარიას და ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ქურდული "ობშიაკის" შესავსებად ფულს თხოვდა, უარის შემდეგ კი მათი სახლი მოკლულის დახმარებით დაცხრილა. მოსკოვში მყოფ კრიმინალ გუგუნავასა და თურქეთი მყოფ ბონჩის შორის ურთიერთობა ამის შემდეგ უკიდურესად დაიძაბა.
ბიზნესმენი თენგო სარიშვილი ინფორმაციას არც მკვლელობის შესახებ ფლობს და არც მოკლულს იცნობს, თუმცა არ უარყოფს, რომ ჯუმბერ ბაირამიდს ანუ კრიმინალურ სამყაროში ბონჩოდ ცნობილ ავტორიტეტს კარგად იცნობს.
ბოლო ჩხუბი ტყებუჩავასა და "ბონჩოს" დაჯგუფებას შორის ერთი თვის წინ მოხდა, ის გააფრთხილეს, რომ არ შეხებოდა ირაკლი ქანთარიას და ვახო ჯაკობიას, მაგრამ ტყებუჩავამ ჯაკობია სასტიკად სცემა და "ბონჩოს" მომხრეების თქმით, ბონჩო იძულებული გახდა, რიტუალური მკვლელობა შეეკვეთა.
ფოთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ასეთი განუკითხაობა ქალაქში 90-იან წლებშიც არ ყოფილა. მათი თქმით, ქურდული სამყაროს წევრები ამბობენ, რომ "ჩვენი დრო მოვიდა".
ივანიშვილის "გაგებით მოკიდების" პოლიტიკა კრიმინალებისთვის გადახდილი ხარკი აღმოჩნდა. უკვე 8 წელია, რაც საქართველოში ქურდული სამყაროს წესების რეანიმაცია მიმდინარეობს, რასაც სათავეში თავად მთავრობის წარმომადგენლები უდგანან.
კრიმინალური ავტორიტეტების დასაცავად ქვეყანაში აქციებიც კი იმართება. კონტრაქტი კრიმინალურ ჯგუფებთან "ქართული ოცნებისთვის" განსაკუთრებით მჭიდრო წინასაარჩევნო პერიოდში ხდება.