"პოლიციამ ტელეფონში ჩემი ძმის გინება გაიგო... ეგონათ, მათ აგინებდათ, მოცვივდნენ, წაათრიეს და სცემეს" | სარჩელი სტრასბურგში

გამოქვეყნდა:

"პოლიციამ ტელეფონში ჩემი ძმის გინება გაიგო... ეგონათ, მათ აგინებდათ, მოცვივდნენ, წაათრიეს და სცემეს" - ამის შესახებ 2019 წელს სავარაუდოდ პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილის და, მარიამ მთავრიშვილი საუბრობს და მომხდარის დეტალებს იხსენებს. 

ცნობილია, რომ 2019 წელს გურჯაანის პოლიციიდან დაკავებული მამაკაცი სახლში თავის არეში დაზიანებებით დაბრუნდა, მალევე ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქალა-ტვინის დახურული ტრავისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის გამო კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

სამართალი აქ თუ ვერ ვიპოვე და ვერ დაისაჯნენ ჩემი ძმის მკვლელები, ევროპის სასამართლომ მაინც შემაძლებინოს, რომ დაისაჯონ უდანაშაულო ადამიანი რომ ასე უმოწყალოდ სცემეს და დაამცირეს, შეურაცხყვეს და ამის ფონზე კომაში მყოფი ადამიანი გარდაიცვალა. ბავშვმა ხუმრობით დარეკა 112-ში... ზარის შემდეგ, როდესაც კრიმინალური პოლიციიდან დამირეკეს, უბრალოდ გინება გაიგეს ტელეფონში ჩემი ძმის, ეგონათ, რომ მათი მისამართით იგინებოდა და ეს არ აპატიეს. შური იძიეს, მოცვივდნენ, წაათრიეს ჩემი ძმა, სცემეს და ამ ცემის შედეგად, თავში ბოთლი ურტყეს, როგორც ჩემმა ძმამ მომიყვა, მარცხენა მხარეს ჰქონდა დიდი ჰემატომა და ამის შედეგად გარდაიცვალა, - ამბობს გარდაცვლილის და, მარიამ მთავრიშვილი.

საქმე უკვე გადაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში. სარჩელის ავტორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა, სადაც აცხადებენ, რომ პროკურატურა საქმეს ამ დრომდე მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იძიებს და საგამოძიებო ორგანომ დღემდე შესაბამისი ექსპერტიზაც კი არ ჩაატარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი