"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის აზრით, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი რომ დაგვეწესებინა ქვეყანაში საქართველოში ვერ შემოვიდოდა ათასობით "ფაქტობრივად დევნილი" ადამიანი.
მისივე თქმით, ღია კარის პოლიტიკა გაგრძელდება და ქვეყანაში "ნებისმიერი კეთილგანწყობილი ადამიანი შემოვა".
"სავიზო რეჟიმი თქვენმა ბელადმა შემოიღო თვის ავაზაკ მეგობრებთან ერთად. მიხაკებით რომ დაადგა იქ და რომ ამაყობდა, რომ ყველა სასტუმრო საქართველოში რუსებით არის სავსეო. მანიპულაციას ემსახურება ეს, ადამიანების შეცდომაში შეყვანას, ქსენოფობიური განწყობების დანერგვას, რომ მერე ქუჩაში ადამიანებმა სდიონ ერთმანეთს და თავში ქვები და ჯოხები ურტყან, აი ამას ემსახურება. შევეცდებით, რომ ამ ქვეყანაში ეს არ მოხდეს", - უთხრა ცაგარეიშვილმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს.
ჟურნალისტის კითხვას, თუ არ მოსწონთ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რატომ არ ცვლიან მას და რატომ არ ემხრობიან სავიზო რეჟიმის შემოღებას, დეპუტატი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოში რუსეთიდან და ბელარუსიდან ათასობით "დევნილი" ვერ შემოვიდოდა.
"რომ ყოფილიყო სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და რომ შემოგვეღო ომის დასაწყისშივე სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან, საქართველოში ვერ შემოვიდოდა ათასობით ფაქტობრივად დევნილი რუსი მოქალაქე და ბელარუსი მოქალაქე თავისი ქვეყნებიდან, რომელიც გამოექცა ავტოკრატიულ რეჟიმს, პუტინის ავტოკრატიულ რეჟიმს. ძალიან საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა ერთი კვირის უკან, მედიითაც გაჟღერდა, რომ ამ ადამიანების, შემოსული ე.წ. ტურისტების საერთო რაოდენობიდან თითქმის 90% არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც აიტი სფეროდან, კულტურის სფეროდან, ჰუმანიტარული სფეროდან არიან წამოსულები, მოკვეთილები ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციიდან, მათი ძალიან დიდი ნაწილი უკვე გავიდა ქვეყნიდან, ესეც რომ იცოდეთ, ნაწილი დარჩა ქვეყანაში, საქმიანობს, იხდის გადასახადებს, საქართველო გახდა მათთვის ერთადერთი თავშესაფარი. სხვათა შორის ძალიან ბევრი ოპოზიციური არხის ჟურნალისტი საქმიანობს აქ, გახსნეს სტუდიები, მაუწყებლობენ YouTub არხებზე პირდაპირ ეთერებში
ჩვენ რომ ეს რეჟიმი დაგვეწესებინა, ჩვენ რომ აქ დიდი კედელი აგვეშენებინა, ეს ადამიანები უბრალოდ შეიძლება ცოცხლები იქიდან, იმ ქვეყნიდან ვერ გამოსულიყვნენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკა გაგრძელდება და იქნება ღია კარის პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის, ნებისმიერი კეთილგანწყობილი ადამიანი შემოვა ამ ქვეყანაში, არ აქვს ეროვნებას მნიშვნელობა, ჩვენი სპეცსამსახურები აკვირდებიან ამ სიტუაციას და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს", - ამბობს ცაგარეიშვილი.
იხილეთ ასევე: