რუსმა ოკუპანტებმა ტორეცკში საზ. ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს | დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა 4

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ტორეცკში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება დაბომბეს. ინფორმაციას დონეცკის გუბერნატორი, პავლო კირილენკო ავრცელებს.

მისი ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

"8 დაღუპული, 4 დაჭრილი - ასეთია ტორეცკის დაბომბვის შედეგები, რაც რუსებმა დღეს დაახლოებით, 11:00 საათზე განახორციელეს.

ოთხ დაშავებულს შორის სამი ბავშვია.

წინასწარი ინფორმაციით, გასროლა მოხდა საარტილერიო დანადგარებიდან. ჭურვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დაეცა, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 

გარდა ამისა, რუსებმა დააზიანეს ეკლესია და დაჭრეს ადგილობრივი მღვდელი. დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობები", - წერს გუბერნატორი Facebook-ზე.

მან მოსახლეობას ოლქის ტერიტორიიდან დროული  ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.  

"რუსი ოკუპანტები ყოველდღიურად ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას - ყოველდღე გვყავს დაღუპულები და დაჭრილები. ყველა, ვინც ჯერ კიდევ დონეცკში რჩება, თავს სასიკვდილო საფრთხეში იგდებს.

მივმართავ რეგიონის ყველა მაცხოვრებელს, ნუ გახდებით რუსეთის სამიზნე, დროულად მოახდინეთ ევაკუაცია", - წერს პავლო კირილენკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი